ხათუნა სამნიძე: 2024 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია ემზადება, გამოყოფილია თანხები და ამასობაში ზოგიერთი ოპოზიციონერი რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს - ასეთი არათანმიმდევრულობა ვნებს ჩვენივე მხარდაჭერას ამომრჩევლის მხრიდან

ხათუნა სამნიძე: 2024 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია ემზადება, გამოყოფილია თანხები და ამასობაში ზოგიერთი ოპოზიციონერი რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს - ასეთი არათანმიმდევრულობა ვნებს ჩვენივე მხარდაჭერას ამომრჩევლის მხრიდან

„ქართული ოცნება“ ორმაგ თამაშს თამაშობს, გზავნილები რუსეთისკენაც აქვს და დასავლეთისკენაც, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, თუკი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.

„ქართულ ოცნებას“ რეფორმების გატარება არ უნდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი თუ არ მივიღეთ, ეს მათთვის სერიოზული დარტყმა იქნება. ხელისუფლებას ვერანაირად ვერ შეინარჩუნებენ და საზოგადოებაში რეაქცია მწვავე იქნება. „ქართული ოცნება“ თამაშობს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ორმაგ თამაშს თამაშობს, ვითარებას აკვირდება, გზავნილები რუსეთისკენაც არის და დასავლეთისკენაც“,- განაცხადა სამნიძემ.

მისი შეფასებით, ოპოზიციის არათანმიმდევრულობა 2024 წლის არჩევნებისთვის ვნებს ამომრჩევლის მხრიდან მხარდაჭერას.

„2024 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია ემზადება, გამოყოფილია თანხები და ამასობაში ზოგიერთი ოპოზიციონერი რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს. ოპოზიციის ასეთი არათანმიმდევრულობა ძალიან ვნებს ჩვენივე მხარდაჭერას ამომრჩევლის მხრიდან. ამომრჩეველი ამბობს, რომ თუ ნომერ პირველი პრიორიტეტია კანდიდატის სტატუსი, ცოტა ხანში რატომ მეუბნები რიგგარეშე არჩევნებიო, ან ცოტა ხანში რატომ მეუბნები, რომ ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. ამ ნაწილში, რადგან არ ვართ თანმიმდევრულები, ამიტომაც გვაქვს ასეთი არასტაბილური მხარდაჭერა და ამით „ქართული ოცნება“ სარგებლობს“,- განაცხადა სამნიძემ.

მან ასევე ისაუბრა 5%-იან საარჩევნო ბარიერზე და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ვითარებას დააკვირდება და ამის მიხედვით გადაწყვეტს, დაწიოს თუ აწიოს ბარიერი.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ახლა 5%-იანი ბარიერი აწყობს.

„ქართული ოცნება“ ახლა არის ურთულეს მდგომარეობაში. დაბნეულები არიან საკუთარ „მესიჯებში“, პროპაგანდის კრიზისი აქვთ და ამიტომაც მგონია, რომ მათი მხრიდან ბარიერთან დაკავშირებით, ნებისმიერი განცხადება მორიგი ტყუილი იქნება. ჩემი აზრით, პოლიტიკურ ვითარებას დააკვირდებიან. თუკი ისეთი პოლიტიკური ვითარება იქნება, როგორიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს იმის მიხედვით მოიქცევიან. ახლა აწყობთ 5%-ი. ხედავს, რომ ოპოზიცია ფრაგმენტულია, ოპოზიცია ერთიან სიაზე ვერ თანხმდება, თემატური თანამშრომლობა უჭირს ოპოზიციას“,- განაცხადა სამნიძემ.