ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა და ოჯახი კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველია, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთში მიმდინარე „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის“ წინაშე ვიდეომიმართვისას.
„დიდი პატივია მივმართო თავისუფლებისმოყვარე პატრიოტებს, რომლებიც შეიკრიბნენ უნგრეთში, რათა აღნიშნონ მარადიული ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც აერთიანებს კონსერვატორებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა და ოჯახი კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველია. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანა საზღვრების გარეშე არ არის ქვეყანა. ჩვენ გვჯერა ტრადიციის, კანონის როლის, სიტყვის თავისუფლებისა და თითოეული ადამიანის სიცოცხლის ღვთისგან ბოძებული ღირსების“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„ეს არის იდეები, რომელიც აერთიანებს ჩვენს მოძრაობას და ეს არის იდეები, რომელიც გადაარჩენს დასავლურ ცივილიზაციას. მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ჩართული ვართ ისტორიულ ბრძოლაში მარქსისტ გლობალისტებთან და კომუნისტებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ გაანადგურონ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტრადიციები და ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.