პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ „ქოლცენტრების საქმეზე“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„სხვათა შორის, გულწრფელად გეტყვით, პირველი რეაქცია მქონდა, რომ ეს ინიციატივა არასერიოზული მომეჩვენა, მაგრამ დროდადრო უფრო მიმწვავდება აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ამ ხალხს ჩანაფიქრი აქვს, როგორც ჩანს, ვიღაცას ნებსით, ვიღაცას უნებლიედ, ვერ დავადანაშაულებ ახლა კონკრეტულ წევრს, ან კონკრეტულ ოპოზიციონერს, რომ განზრახ აკეთებს, შეიძლება სულაც გულგრილად უყურებს ამ გამოძიებას და სხვა ინტერესები ამოძრავებდეს, ფაქტი ის არის, რომ დღითიდღე უფრო სერიოზული ხდება კითხვის ნიშანი მოტივაციასთან დაკავშირებით. ძალიან დიდია რისკი, რომ გამოძიების ინტერესები დაზიანდეს, თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება. თუ გამოძიების ტაქტიკა რაღაც ეტაპზე მოითხოვს საჭიროებას, რომ გარკვეული ინფორმაცია არ იყოს წინასწარ გამოძიების მიმდინარეობისას გამჟღავნებული და განსაკუთრებით ხელმისაწვდომი პოტენციურ ეჭვმიტანილთა წრისთვის, ეს ინტერესი სრულიად დაუცველი აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიას ექნება წვდომა გამოძიების მასალებზე. და ასეთი წვდომა რომ ექნება საგამოძიებო კომისიას, ეს რასაკვირველია, ყველასთვის ნათელია“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ოპოზიცია ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კენჭისყრაზე გატანას ცდილობს.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.