ვატო შაქარიშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა „ქრონიკის“ ეთერში შეაფასა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ პრემიერის კონფერენციაზე გამოსვლა წარმატებული იყო.
„ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის გამოსვლა, დახუნძლული და სავსე ძალიან მკაფიო კონკრეტული გზავნილებით, რომლებიც თავის მხრივ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასა და პოზიციას. ჩვენ, ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ სწორედ ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით არის შესაძლებელი გადარჩენა ამ თანამედროვე სამყაროში გლობალიზაციის ომების კრიზისების პირობებში. ეს იყო პრემიერის გამოსვლის მთავარი გზავნილი.
პრემიერის ეს გამოსვლა, ასევე მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც, რომ საქართველოში ჩვენ დავინახეთ განსხვავებული ევროპაც. ნაც-ლიბერალური-მედია და ლიბერალური დიქტატი არ უზრუნველყოფს და ყველანაირად ხელს უშლის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია და ჩაიკეტოს იმ წრეში, რასაც თვითონ გვთავაზობენ. ვნახეთ, რომ საბედნიეროდ, ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე არ ვართ მარტო და ევროპისა და ამერიკის მასშტაბით და სხვა კონტინენტებზე გვყავს სერიოზული მოკავშირეები“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში სიტყვით გამოვიდა.