25 პროცენტი შენობაში არის ჩემი, მაგრამ ეს 25 პროცენტი არის მეორე სართულის სასტუმრო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმამ დავით ვაშაძემ განაცხადა.
როგორც დავით ვაშაძე განმარტავს, იმ შენობაში, სადაც ოფისებია დალუქული, ის 25%-იანი წილის მფლობელია, თუმცა აღნიშნულ ფართზე მას სასტუმრო აქვს და დანარჩენ ფართებთან არც შეხება აქვს და არც გადაწყვეტილებების მიმღები არ არის.
„მე, როგორც 25 პროცენტის მფლობელს, საერთოდ არ მაქვს არანაირი უფლება უძრავ ქონებაში გადაწყვეტილების მიღებაში, ხელშეკრულების გაფორმებაში. დირექტორი ვინც არის, შეგიძლიათ, ნახოთ და ესაუბრეთ დირექტორს. შპს-ში ყველანაირ გადაწყვეტილებას დირექტორი იღებს, ის აკონტროლებს მმართველ პაკეტს. რა კომპანიაა ისიც არ ვიცი, ვის აქვს ნაქირავები. ხელშეკრულებას აფორმებს დირექტორი, მეწილე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მე არც ვიცოდი, რა კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება.
ამ შენობას აქვს ორი შესასვლელი წინა და უკანა. არც ვიცი, შესაძლოა, უკანა შესასვლელიდან მოძრაობდნენ, მე არავინ შემხვედრია“, - განაცხადა დავით ვაშაძემ.
„ქრონიკამ“ საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემზე დაყრდნობით გაარკვია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობას, სადაც ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, რამდენიმე მფლობელი ჰყავს და მათ შორისაა დეპუტატ გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე.