მიხეილ სარჯველაძე: დიდი რისკია იმისა, რომ საგამოძიებო კომისია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე გამოძიებისთვის ხელშესაშლელად იყოს გამოყენებული

მიხეილ სარჯველაძე: დიდი რისკია იმისა, რომ საგამოძიებო კომისია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე გამოძიებისთვის ხელშესაშლელად იყოს გამოყენებული

რა თქმა უნდა, შეიძლება იკვეთებოდეს სერიოზული კვალი იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც გამოძიების მიმდინარეობაზე შეიძლება მერკანტილური ინტერესი ჰქონდეს - იქონიოს ინფორმაცია, თუ როგორ და საით ვითარდება გამოძიების ვერსია, - ეს განცხადება ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

მან ამ კონტექსტში ყურადღება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე გაამახვილა და როგორც აღნიშნა, ამ თვალსაზრისით კომისია რისკებს ქმნის.

სარჯველაძის თქმით, საგამოძიებო კომისიას ისეთ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რომელიც გამოძიების ეფექტიანად წარმართვის ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის, რომ პოლიტიკოსთა წრეში ცირკულირებდეს, ხოლო თუ ინფორმაცია პოლიტიკოსთა შორის გავრცელდება, ეს შეიძლება პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტის შემცველი აღმოჩნდეს, რადგან შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსის მონაწილეობა იკვეთებოდეს.

„მე ამ საქმეზე ვერც ბრალმდებლად და ვერც გამომძიებლად გამოვდგები. საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს და ნებისმიერი საგამოძიებო ვერსია უნდა იყოს შესწავლილი, რაც შეიძლება განსახილველად ღირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შემოწმდეს ვერსიები, რაზეც კითხვები იბადება. ყველაფერს ნათელი სწორედ გამოძიებამ უნდა მოჰფინოს. გამოძიებას თავისი ტაქტიკა და სტრატეგია აქვს.

როდესაც პარლამენტში წარმოდგენილია დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა, ასეთი ჩარევა გამოძიების ინტერესებისათვის შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს. როდესაც გამოძიება იგეგმება, საგამოძიებო საიდუმლოების კატეგორია არსებობს, რაც იმას იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გარკვეული ინფორმაცია გამოამზეუროს, ხოლო გარკვეული ინფორმაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მის განკარგულებაში რჩებოდეს. არ მგონია, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ჭეშმარიტების გარკვევის ხელშემწყობი აღმოჩნდეს, მაგრამ დიდი რისკია იმისა, რომ საგამოძიებო კომისია გამოძიებისთვის ხელშესაშლელად იყოს გამოყენებული.

ნებისმიერი პოტენციურად ეჭვმიტანილისთვის, პოტენციური დამნაშავისა ან კავშირების მქონე ადამიანისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას, თუ რას ფლობს და რას არ ფლობს გამოძიება ინფორმაციის სახით. ამ თვალსაზრისით შეიძლება მათთვის დროებითი საგამოძიებო კომისია ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი აღმოჩნდეს. კომისია ასეთ რისკებს ქმნის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.