საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე სულეიმან ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს. საპატრულო ეკიპაჟმა თბილისში, ზემო ფონიჭალის საავტომობილო გზაზე საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევისთვის „ბე–ემ–ვე“-ს მარკის ავტომანქანა გააჩერა.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მგზავრის, სულეიმან ა–ს ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მოქმედი კანონის შესაბამისად მას ავტომანქანიდან გადმოსვლა სთხოვეს. მისი პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ავტომანქანის საბარგულიდან ამავე იარაღის 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 236-ე მუხლის 1–ლი და მე-2 ნაწილებით).