„ქართული ოცნების“ დამსახურებით ქვეყანა კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ვერ მოხდა საქართველოს მოქალაქეების 90%-ს ნების რეალიზება. ამ ისტორიული შანსის დაკარგვა და დაბრკოლება ამ გზაზე ნამდვილად იწვევს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხის დასმას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წარმომადგენლობითი დემოკრატია თუ არ მუშაობს, ხალხს უფლება აქვს, ქუჩაში გამოვიდეს და მოითხოვოს მთავრობის გადადგომა ან ვადამდელი არჩევნები
„თუ „ქართული ოცნების“ დამსახურებით ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და ეს გვეცოდინება ოქტომბერში ან ნოემბერში, ეს ნიშნავს, რომ ვერ მოხდა საქართველოს მოქალაქეების 90%-ს ნების რეალიზება. ჩვენ ვამბობთ, რომ მოქალაქეს სრული უფლება აქვს, მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები იმისთვის, ვის ანდოს ქვეყანა. ამ ისტორიული შანსის დაკარგვა და დაბრკოლება ამ გზაზე ნამდვილად იწვევს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხის დასმას. აქციის დემონიზებას ვინმე თუ ახდენს, ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს. პირდაპირი დემოკრატია ნიშნავს და დემოკრატიის ისტორიაა, რომ ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და წესებს ადგენდა. ახლა ჩვენ წარმომადგენლობითი დემოკრატია გვაქვს, მაგრამ თუ წარმომადგენლობითი დემოკრატია არ მუშაობს, ხალხს უფლება აქვს, ქუჩაში გამოვიდეს და მოითხოვოს მთავრობის გადადგომა ან ვადამდელი არჩევნები. ეს არ არის არეულობა და ქაოსი, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა და თქვენ იცით, ევროპის ქვეყნებში ბევრი ვადამდელი არჩევნები ინიშნება და ამის დემონიზებას ნუ ახდენთ. მესმის „ქართულ ოცნებას“ ამის ეშინია, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ისტორიულ შანსს დააკარგვინებს ქვეყანას, მან უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა უპასუხა კითხვას, ოპოზიციას რა შედეგს მოუტანს რიგგარეშე არჩევნები.
„ოპოზიციის შედეგზე არ არის საუბარი. ძალა, რომელიც ამ ევროპულ და ეროვნულ შანს დააკარგვინებს ქვეყანას, არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებად. ეს ჩემი პოზიციაა, ამას რამდენად გაითვალისწინებენ მოქალაქეები, მეორე საკითხია. მე მივეკუთნები ადამიანების რიგს, რომლებიც ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ ეროვნულ შანს დაგვაკარგვინებს, ლურჯი იებით ხელში არ დავხვდებით. უფრო მწვავე რეაქცია გვექნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.