ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიების საკითხით ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს რეკომენდაციების შესრულების გრაფიკს და პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე

ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიების საკითხით ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს რეკომენდაციების შესრულების გრაფიკს და პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე

სასამართლოზე პოლიტიკური შეტევა ხდება ძალიან ბანალური, აპრობირებული მეთოდით: როცა სისტემურად ვერაფერს ამბობს, კონკრეტული ფაქტები არ გაქვს, უნდა ამოირჩიო ერთი-ორი პერსონა, მათგან შექმნა უარყოფითი გმირი, ამის პროპაგანდა და ტირაჟირება უნდა მოახდინო და მთელი სასამართლო სისტემა გადააყოლო ამ შექმნილ პროპაგანდისტულ სახეებს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ვერ ხედავს იმ რეალურ მოცემულობას, რაც დღეს საქართველოს წინაშე დგას. ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების ბოლომდე მიყვანა. ამ გზაზე საქართველოს, და კონკრეტულად პარლამენტს, აქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები წარმატება. ეს უკვე ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში უკვე კონკრეტული მსჯელობისა და დისკუსიის საგანია. პარლამენტი და ჩვენი ქვეყანა ივნისის ბოლომდე შეასრულებს ყველა რეკომენდაციას. როდესაც ასეთ ვითარებაში შემოგაქვს პოლიტიკურად აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული თემა - საგამოძიებო კომისიების შექმნა, ეს ნიშნავს, რომ შენ ცდილობ, რაღაცნაირად ხელი შეუშალო ამ რეკომენდაციების შესრულების გრაფიკს და, ამავდროულად, მოახდინო პოლიტიკური ზეწოლა და ჩაერიო სასამართლო ხელისუფლებაში. ოთხი ტალღის განმავლობაში განხორციელებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება მიანიშნებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არის დამყარებული სამართლებრივად ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტზე. ცვლილებები, რომელიც ახლა არის გათვალისწინებული, ამ საკითხს კიდევ უფრო წინ წასწევს. სასამართლოზე პოლიტიკური შეტევა ხდება ძალიან ბანალური, აპრობირებული მეთოდით: როცა სისტემურად ვერაფერს ამბობს, კონკრეტული ფაქტები არ გაქვს, უნდა ამოირჩიო ერთი-ორი პერსონა, მათგან შექმნა უარყოფითი გმირი, ამის პროპაგანდა და ტირაჟირება უნდა მოახდინო და მთელი სასამართლო სისტემა გადააყოლო ამ შექმნილ პროპაგანდისტულ სახეებს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.