გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ საქმიანობის 11 წელი შეაფასა. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ქრონიკაში“ აღნიშნა, არანაირი განვითარება და ეკონომიკური ზრდა არ იქნება შესაძლებელი, თუკი არ იქნება სტაბილურობა.
„ცეცხლის ალით გარშემორტყმული საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას და მიუხედავად ძალიან სერიოზული და გააფთრებული გამოწვევებისა, საქართველომ დღემდე შეძლო ისე მოეყვანა თავის ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რომ საომარი მოქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე არ ყოფილა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დახვდა.
„მთავარი სირთულე, რასაც „ქართული ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დახვდა, ეს იყო დიდი არმია ადამიანებისა, რომლებიც ყოველგვარ საზღვრებს გადაცილებული სისასტიკით იყვნენ დასჯილები, თუნდაც პატარა დანაშაულზე. იყო უამრავი ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ქონება და მეორე მხრივ, უშველებელი, დიდი არმია ადამიანებისა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ან სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდნენ. ასევე იყვნენ ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც საშველს არსაიდან ელოდნენ და მიჯაჭვული იყვნენ საავადმყოფოს ლოგინზე.
მინდა ხაზი გავუსვა სოციალურ თემას. ვერ ვიტყვით რომ ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ განახევრდა ადამიანთა რაოდენობა, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ან სიღარიბის ზღვარზე იყო. რამდენი გადარჩენილი სიცოცხლე,ა რამდენი ადამიანი, რომელმაც საშველი ნახვა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წელი შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.