საგამოძიებო კომისიის მიზანი არის ერთადერთი - ის, რაც წლების განმავლობაში საელჩომ ვერ მოახერხა ეკა გიგაურების ხელით და ახლა ცდილობს უშუალოდ იმ საჯარო პროცესით, რომელშიც მოსამართლეები უნდა წარვდგეთ, ჩვენდამი წინასწარ დეკლალირებული უარყოფითი განწყობით, მორალური ტერეორი უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
„პირადი შეურაცყოფებებს, ათასგვარი სისაძაგლის დაბრალებას ჩვენი სტატუსიდან გამომდინარე, იგივე ენით ვერ დავუპირისპირდებით. ამიტომაც, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაცია მოხდეს მათი დაბულინგებით და საზოგადოების თვალში ეს მოსამართლეები ღირსებაშელახულ და რეპუტაციადაკარგულ ადამიანებად გამოიყვანონ“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.
სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.