გიორგი ვოლსკი: არ ვიცი, რა ფაქტები უნდა მოიძიონ, როცა ასეთი ფაქტები არ არსებობს. სამაგიეროდ, შექმნიან განცდას, რომ რაღაც უბედურება ხდება ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებით

გიორგი ვოლსკი: არ ვიცი, რა ფაქტები უნდა მოიძიონ, როცა ასეთი ფაქტები არ არსებობს. სამაგიეროდ, შექმნიან განცდას, რომ რაღაც უბედურება ხდება ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებით

არ ვიცი, რა ფაქტები უნდა მოიძიონ, როცა ასეთი ფაქტები არ არსებობს. სამაგიეროდ, შექმნიან განცდას, რომ რაღაც უბედურება ხდება ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„საზოგადოებისათვის ბევრი რამ გახდა ნათელი​ - ეს საკითხი არ შემოიფარგლება მხოლოდ 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებით. უფრო სიღრმისეული პროცესები მიმდინარეობს, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ჩვენი ოპონენტების მცდელობასთან, იქონიონ დღის წესრიგში თემა. არ ვიცი, რა ფაქტები უნდა მოიძიონ, როცა ასეთი ფაქტები არ არსებობს. სამაგიეროდ, შექმნიან განცდას, რომ რაღაც უბედურება ხდება ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებით. თუ რამე რეფორმაზეა საუბარი და რაღაც მოისაკლისეს კანონებში, შეუძლიათ ამ თემაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელონ. შეუძლიათ, ამ თემაზე იურიდიული ცოდნის ინტელექტუალური რესურსი გამოიყენონ და განცხადებები გააკეთონ, მაგრამ არა, ყველა კითხვა დატოვეს პასუხის გარეშე. ასე რომ, ვფიქრობ, საზოგადოებამაც კარგად დაინახა, რომ აქ შეიძლება ამოვიკითხოთ ერთადერთი მიზანი, 12 პუნქტიდან ერთი - სასამართლოსთან დაკავშირებული პუნქტი არ არის შესრულებული. ეს არის მათი მიზანი: საქართველომ ვერ შეასრულოს რეკომენდაცია და ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.