საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მორიგი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო.
„ხელისუფლებამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ სერიოზულად მიეხედა იმ გაფუჭებული საქმეებისთვის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაფუჭდა და დაიწყო იუსტიციის სამინისტრომ, იმხანად თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით სერიოზული მუშაობა რამდენიმე მიმართულებით, რომ სამართლებრივ ასპარეზზე საქართველოს ჰქონოდა გაცილებით ძლიერი პოზიციები, როდესაც საქმე ოკუპაციას ეხებოდა, იქ მყოფი ადამიანების უფლებების დაცვას ეხებოდა. ეს ერთ-ერთი მორიგი გამარჯვებაა საქართველოსი ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყოველი მომდევნო ნაბიჯი, რა თქმა უნდა თითო ნაბიჯით გვაახლოებს იმ სანუკვარ მიზანთან, რასაც ჰქვია საქართველოს დეოკუპაცია“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საქმე ეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და საქართველოს რეგიონებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებს გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას.