„ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, პარლამენტის მუშაობის საბოტაჟს ახდენს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„ძალიან ბევრი კანონი „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო იმით, რომ კენჭისყრაზე კვორუმი არ შექმნა და ამით ფაქტობრივად ის საბოტაჟს ახდენს პარლამენტის მუშაობის, რასაც აქამდე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა. მათ ვალდებულება აიღეს კლანის წინაშე, რომ ბოლომდე დაიცავდნენ მათ და ის დისკომფორტი, რაც საგამოძიებო კომისიას უკავშირდება მათი აქ დაბარებით, ეს ასე არ მოხდეს“, - აღნიშნა აქუბარდიამ.
აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.
სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.