2013 წლის 18 აგვისტოდან, გორში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა რეიდების ჩატარება დაიწყეს. ის ხორცის გამყიდველები, რომლებიც პროდუქციას ფორმა #2-ის გარეშე რეალიზაციას უკეთებდნენ, დაჯარიმდნენ. დაჯარიმებულთა რიცხვში გორის ბაზრის და სხვადასხვა სუპერმარკეტების რეალიზატორები მოხდვნენ.
აღნიშნული საკითხი გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბუნებრივი და აგრარული რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის და ეკოლოგიური სტაბილურობის სამსახურის უფროსთან გიორგი ხიდაშელთან გამართულ შეხვედრაზე, 19 აგვისტოს, განიხილეს. სამსახურის უფროსმა ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს სთხოვა, რომ საკუთარ სოფლებში, აღნიშნული რეიდების შესახებ, მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ.
,,ზუსტად იმ დღეს, ბიძინა ივანიშვილი რომ იყო ჩამოსული გორში, (იგულისხმება 8 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის ფიცის მიღება მთავარ მოედანზე – რედ.) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინალური სამსახურის თანამშრომლები ხორცის მოვაჭრეების დაჯარიმებას აპირებდნენ. ვეხვეწეთ, ვთხოვეთ, რომ ეს ღონისძიებები გადაედოთ. მერე ყველას ვადა 18 აგვისტომდე მისცეს. 18 აგვისტოდან უკვე დაიწყეს დაჯარიმებები” – განაცხადა გიორგი ხიდაშელმა.
მისი ინფორმაციით, გორში, ყოფილი ხორცკომბინატის ტერიტორიაზე, შექმნილია სპეციალური სასაკლაო, სადაც მიტანილ და დასაკვლელ საქონელს ლაბორატორიული შემოწმება ჩაუტარდება, დაიკვლება საქონელი, გამოიწერება ფორმა #2. ამის შემდეგ მფლობელს ნებისმიერ ტერიტორიაზე ხორცის გაყიდვის უფლება ექნება. ხიდაშელის თქმით, სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ფასი 15 ლარია.
,,ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მეპატრონე თავ-ფეხს უკან წაიღებს, 35 ლარი ექნება გადასახდელი” – ამბობს ხიდაშელი.
20 აგვისტოს გორის ბაზარში ხორცის დეფიციტი შეიქმნა. აღნიშნული ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაიო ცენტრს პროფკავშირების გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა კალმახელიძემ აცნობა:
,,ხორცის მოვაჭრეები კანონის ამ მუხლის ამოქმედებას აპროტესტებენ. დღეს უკვე ცარიელია დახლები. საქმე იმაშია, რომ ვეტერინალურმა სამსახურმა გორის ბაზარი დააჯარიმა და შესაბამისად ხორცის მოვაჭრეებს აღარ ეძლევათ საქმიანობის გაგრძელების საშუალება. ისინი მოითხოვენ, რომ ხორცს ლაბორატიული შემოწმება ადგილზე ჩაუტარდეთ. ყასბები ამბობენ, რომ 45 ლარს ახდევინებენ სასაკლაოზე” – გვეუბნება კახა კალმახელიძე.
ვარიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვახტანგ ბერკაცაშვილი ამბობს, რომ კარგია, თუკი სასაკლაოზე ფიქსირებული გადასახადი დაწესდა:
,,მე ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება მაქვს. იყო დრო, როდესაც სასაკლაოს მფლობელი ერთ კილოგრამ ხორცში ლარსა და 20 თეთრს ითხოვდა, რაც ძალიან ცუდი იყო ხორცის მოვაჭრეებისთვის. 15 ლარი და 35 ლარი შეღავათია მათთვის.” – ამბობს ვახტანგ ბერკაცაშვილი.