იმის ნაცვლად, რომ ელჩი კონსტიტუციურ ორგანოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მობრძანებულიყო, ისე ამოწურა საკუთარი ვადა, რომ არც ერთხელ ეს ვიზიტი არ განუხორციელებია, - ამის შესახებ, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„მე ეთერებში არაერთხელ ვისაუბრე იმ მახინჯი პრაქტიკის შესახებ, რასაც აშშ-ის საელჩო მიმართავდა სასამართლოსთან და მოსამართლეებთან ურთიერთობისას. იმის ნაცვლად, რომ კონსტიტუციურ ორგანოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მობრძანებულიყო ელჩი, ისე ამოწურა საკუთარი ვადა, რომ არც ერთხელ ეს ვიზიტი არ განუხორციელებია. ამის საპირისპიროდ, სხვადასხვა სასამართლოში ინდივიდუალური კომუნიკაციის გზით ცდილობდა მიზნის მიღწევას, განხეთქილების შეტანას სასამართლოში და ამის შემდეგ საკუთარი გავლენის მოპოვებასა და გაძლიერებას სასამართლოზე. ალბათ ამ მიზნით იყო ჩამოყალიბებული ეს მახინჯი პრაქტიკა. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, არ გამოვრიცხავთ, რომ კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებით მივმართოთ ხელისუფლებას, რომ ეს პროცესი, ვინც არ უნდა იყოს, ელჩი დეგნანი თუ მის ნაცვლად ვინც მოგვევლინება საქართველოში, ეს მახინჯი პრაქტიკა აღმოიფხვრას და ყველამ საკუთარი მანდატის ფარგლებში, კეთილი ინებონ და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან კოორდინაციით, რომელიც ახლა თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა საელჩომ, განახორციელონ ურთიერთობა მოსამართლეებთან“,- განაცხადა გვრიტიშვილმა.