ძალიან ცდება თუ ფიქრობს ვინმე, რომ ქართული დემოკრატია „მოლოტოვის კოქტეილზე“ უნდა გადიოდეს - მაშინ ეს არის „მოლოტოვის“ დემოკრატია, მოლოტოვის“ დემოკრატია როგორი იყო ამ ქვეყანაში, მე ძალიან კარგად მახსოვს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების შესახებ „ნაცმოძრაობის“ გუშინდელ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა.
ამასთან, დეპუტატი გამოეხმაურა რომან გოცირიძის განცხადებას, რომ ლაზარე გრიგორიადისი პოლიტპატიმარია.
„ისეთი პოპულისტური და გაუგებარი შეფასებები, როგორიც მაგალითად ბატონმა გოცირიძემ გააკეთა, არის თითიდან გამოწოვილი და ყურით მოთრეული. არავინ არავის დევნის, არავის არავის სჯის ტყუილუბრალოდ და უკანონოდ. ეს ამბები თავისკენ მოიკითხოს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება, სანქცირებული მოსამართლეების გადადგომა, სააკაშვილისა და გვარამიას პატიმრობიდან დახსნა, დეოლიგარქიზაციის და ასევე სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარება - ეს იყო მოთხოვნები, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გამართულ აქციაზე დააყენა.