ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, როდესაც ვამბობდით, რომ კონკრეტული დამფინანსებელი ჰყავს „ნაცმოძრაობასა“ და მის კლასტერს. შემდეგ ეს დამფინანსებელი თავად გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, მე ვეხმარები. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ შეიძლება მორალურ დახმარებაზე ყოფილიყო საუბარი, თუმცა ეს არავინ დაიჯერა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ფინანსური დახმარება დადასტურდა თავად ამ ფინანსური დახმარების ავტორის მიერ. როდესაც ჩვენ ვთქვით, წინა დღეებში, რომ ორგანიზებული იყო ეს და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი იყო, ლამის შეაჩვენეს ჩვენი თანაგუნდელები, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდნენ. ამ დროს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ ეს არის მათი დაორგანიზებული. გულწრფელი გაკვირვება შემიძლია გამოვხატო. ისინი თავადვე ადასტურებენ იმას, რაც არის სიმართლე, რაზეც ჩვენც ვსაუბრობდით. ეს სიმართლე მათი მხრიდან ზოგჯერ შეიძლება მისასალმებელიც იყოს და მადლობაც კი გადავუხადოთ იმისთვის, რომ ასე გულწრფელად საუბრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ. ისინი აორგანიზებენ ძალიან ხშირად საპროტესტო მუხტს. ეს იმას არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ახალგაზრდა მართლა გულწრფელად იდგა, ზოგიერთი მოტყუვდა თუ არ მოტყუვდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. იყვნენ იქ გულწრფელი ადამიანებიც, რომლებიც რაღაცას გულწრფელად აპროტესტებდნენ და იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზების შედეგად მიყვანილებიც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.