მამუკა მდინარაძე: ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ კეზერაშვილი აფინანსებს ტელევიზიებს, NGO სექტორის ნაწილს, პარტიებს, მან ეს გუშინ დაადასტურა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ კეზერაშვილი აფინანსებს ტელევიზიებს, NGO სექტორის ნაწილს, პარტიებს, მან ეს გუშინ დაადასტურა

ჩვენი ინფორმაცია და კეზერაშვილის ეს განცხადება ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს - ჩვენ, აქამდეც ვამბობდით, რომ ეს ადამიანი აფინანსებს ტელევიზიებს, ენჯეო სექტორის ნაწილს, პარტიებს, მან ეს გუშინ დაადასტურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით კეზერაშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

„ოღონდ, არცერთი პარტია, რომელიც ფინანსდება მისგან, ამას არ ადასტურებს, იმიტომ რომ დეკლარაციაში არ აქვთ ეს მითითებული. ანუ, მათ უკანონო შემოსავლები აქვთ, ბუნებრივია, უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. თუმცა, ფაქტია - ადამიანი ამბობს, რომ აფინანსებს პარტიებს, თუმცა, არ აღმოჩნდა საქართველოში არცერთი პარტია, რომელიც გაბედავდა და ამას დაადასტურებდა, იმიტომ რომ დამალული აქვთ ეს შემოსავლები და არცერთ მათგანს ერთი თეთრი არ აქვთ მითითებული აუდიტის სამსახურში, რისი ვალდებულებაც გააჩნიათ. მან ისაუბრა ენჯეო სექტორზეც. მათ დაარქვეს რუსული კანონი (სწორედ გამჭვირვალობას ეხებოდა ეს კანონი) კანონიც სწორედ ამას ემსახურებოდა - უნდა მომხდარიყო ქვეყნის გარედან შემოსული დაფინანსების დეკლარირება. მეტი კანონში არაფერი ეწერა“, - განაცხადა მდინარაძემ.