სახეზეა პოლიტიკურად შერჩეულ მომენტში კეზერაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყება. ეს არც მის უდანაშაულობაზე მეტყველებს და არც მის დამნაშავეობაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ დევნას განსაზღვრავს ის, თუ როდის იწყება კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა. ამ კონტექსტში უსუფაშვილი პრემიერ- მინისტრის განცხადებას იხსენებს.
„პოლიტიკური დევნა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელები თავიანთი პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე წყვეტენ, როდის და ვის მიმართ განვითარდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. ისევე როგორც უამრავ შემთხვევაში, კეზერაშვილთან დაკავშირებით სახეზეა პოლიტიკურად შერჩეულ მომენტში მის წინააღმდეგ დევნის დაწყება. ეს არც მის უდანაშაულობაზე მეტყველებს და არც მის დამნაშავეობაზე. უბრალოდ, როდის იწყებს პროკურატურა თაროზე შემოდებული საქმეების გადმოღებას, მერე ისევ თაროზე შედებას, მერე ისევ გადმოღებას და როცა ამ მანიპულაციებშია, დიახ, ამ შემთხვევაში სრულიად ცალსახად... მაგალითად, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, სახეზეა მომენტი, როცა ვიღაცას პოლიტიკურად თვალში აღარ მოსდის ან რაღაც ისე არ მიდის და „აბა, მოდი, ამ კაცს მიმიხედეთო“. კონკრეტულად კეზერაშვილთან მიმართებაში მგონი პრემიერს აქვს ხომ ნათქვამი? - მაშინ რაღაც არასწორად იყო და ახლა ნახეთ, რას ვუზამთო,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება კეზერაშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების შესაძლო დაფინანსების საკითხს, უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ ფინანსები გამჭვირვალეა, როგორც ამას კანონი მოითხოვს.
„ლელოს“ ყოველი კაპიკი არის ღია, შემოწირულობაც და ხარჯებიც. ვის აფინანსებს, აბა, მე რა ვიცი. „ლელოს“ არ აფინანსებს, ნამდვილად გეუბნებით. ვის აფინანსებს, არ ვიცი, თვითონ იციან და უნდა თქვან,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, აკმაყოფილებს თუ არა ოლიგარქის მონაცემებს კეზერაშვილი და აღნიშნა, რომ „არანაირი კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არ არსებობს საქართველოში და არსებობს „ოცნების“ ოცნებები ამ თემაზე, რომელიც ცვალებადია“.