ოლეგ იაძე: ,,მასტერას” ყოფილი აგენტები მებრძვიან და ბიზნესში წილს მთავაზობენ” (Video)

ოლეგ იაძე: ,,მასტერას” ყოფილი აგენტები მებრძვიან და ბიზნესში წილს მთავაზობენ” (Video)

დაპირისპირება კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს ოლეგ იაძესა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელი”-ს ხელმძღვანელს (ამავე დროს ბიზნესმენ) გიორგი ბეჟიტაშვილს შორის, გრძელდება. იაძის განცხადებით, ბეჟიტაშვილი, რომელთან ვრცელი ინტერვიუ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, საკუთარი ბიზნესის ლობირების სანაცვლოდ, მას წილში ჩაჯდომას სთავაზობდა. იაძეს ბეჟიტაშვილისთვის ლობირება სოფლის მეურნეობის სამინისტროში უნდა გაეწია, რაზეც უარი მიიღო.

,,ეს პიროვნება არის კუდის და სოდის აგენტი. ამათ სულყველას ,,მასტერა” (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამჟამად დაკავებული გია დგებუაძე) მფარველობდა. სანამ რეგიონის დონეზე სახელშეცვლილი დეპარტამენტები ამ ხალხისგან არ გასუფთავდება, მათ შორის კასპის კუდის უფროსი გერმისაშვილისგან, მანამ ქვეყანა არ დალაგდება” – აცხადებს იაძე.

იაძისა და ბეჟიტაშვილის გახმაურებული ინციდენტი 8 აგვისტოს მოხდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე გამგებლის ნასროლი მობილური ტელეფონი ბეჟიტაშვილს გულმკერდის არეში მოხვდა. ინციდენტს სამართალდამცავები იძიებენ, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რესპუბლიკელმა ხათუნა თათანაშვილმა გამგებლის იმპიჩმენტი მოითხოვა, რასაც მხარდაჭერა არ მოჰყვა.

ბეჟიტაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ სამართალდამცავების მხრიდან ფაქტს სათანადო რეაგირება არ მოჰყვება, გამგებლის გადადგომის მოთხოვნით, აქციები დაიწყება.

რაც შეეხება იაძეს, ის ბეჟიტაშვილის ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ მას, ამჯერად, არასამთავრობო ორგანიზაციის მანტიით და სახით ყოფილი ,,კუდის” უფროსი გიორგი გერმისაშვილი ებრძვის. ბიზნესმენს ყოფილი ძალოვნების აგენტად მოიხსენიებს, ხოლო ამის დამამტკიცებელ საბუთად ის ფაქტი მოჰყავს, რომ ბეჟიტაშვილის საქმიანობა ,,ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ხელშეუხებელი იყო.

ბეჟიტაშვილი Qartli.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საკუთარ სოფელში კოოპერატიული მეურნეობის განვითარება სურს, რაც მისი ბიზნესის საქმიანობას და დასაქმებული ადამიანების რაოდენობას გაზრდის. ოლეგ იაძე იხსენებს, რომ საკუთარი ბიზნეს-მეურნეობის განვითარების მიზნით, ბეჟიტაშვილმა მას სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლობირების გაწევა სთხოვა. ეს შეხვედრა თბილისში შედგა. ჩვენს კითხვაზე, თუ რით შეიძლება ფაქტის დადასტურება, გამგებელი აცხადებს, რომ მასსა და ბეჟიტაშვილს შორის სატელეფონო კომუნიკაციის დამადასტურებელი ცნობა მობილურ კომპანიებშია დაცული.

,,ეს არის საშიში პიროვნება, ასეთი ადამიანი თანამდებობაზე არ უნდა მუშაობდეს. დაპირისპირება თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საქმე მკვლელობამდეც მიიყვანოს” – აცხადებს ინტერვიუში ბეჟიტაშვილი. ოლეგ იაძის მტკიცებით, მას ცხოვრებაში არა თუ სათამაშო იარაღი, ადამიანისთვის მუშტიც კი არ დაუკრავს.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს ის კითხვები დავუსვით, რომელსაც, ბოლო პერიოდში, ,,გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელის” სახელით პრეტენზიები გამოითქვა. საქმე ეხება ყოველთვიურ პრემიებს, ჩავარდნილ პროექტებს და სამსახურში დანიშნულ არაპროფესიონალ ადამიანებს.

,,ჯერ ერთი პრემიას გამგებელი და ყველა თანამშრომელი კვარტალში ერთხელ, ხელფასის დანამატის სახით იღებს, რაც წელიწადში 4-ჯერ გამოდის. ანალოგიური პრაქტიკა სხვა რაიონებშიცაა. მეორეც, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის სამინისტრომ 3 მლნ ლარზე მეტი გამოყო. გაგრძელდა ის პროექტები, რომლებიც, სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ჩაეყარა საფუძველი, ხოლო დაიწყო ასევე ახალი პროექტები. ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ერთ-ერთ შეხვედრაზე მადლობაც კი გადამიხადა იმის გამო, რომ ჩვენი გამგეობა ყველაზე აქტიურად მონაწილეობს პროექტების განხორციელებაში” – ამბობს ოლეგ იაძე.

ინტერვიუს გარეთ ოლეგ იაძემ ერთ-ერთი კომპანია და მისი ხელმძღვანელი დაგვისახელა, რომელიც პროექტების ჩაგდებაში შეამჩნია. ,,ის იგებდა პროექტებს სხვადასხვა კომპანიების სახელით. მერე აღმოჩნდებოდა, რომ დოკუმენტაციაში სათანადო გათვლები არ ჰქონდა შესრულებული და დისკვალიფიკაციას იღებდა. ამაში, მხოლოდ, ჯარიმა ეკუთვნოდა. ასეთი კომპანიისთვის თითო-ოროლა ჯარიმის გადახდა არაა პრობლემა. ეს ამბავი გავუგე და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქმის კურსში ჩავაყენე. საქმე იმ ზომამდე მივიყვანე, რომ ამ კომპანიას სურვილიც აღარა აქვს, რომ თუნდაც რამე ცუდი გაიფიქროს” – აცხადებს ოლეგ იაძე.

,,ამათ ყველას კი ის ცნობილი ,,მასტერა” გვარად დგებუაძე მფარველობდა, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ახლა გეკითხებით, ყოფილი კუდის უფროსი კასპში გერმისაშვილი, რომელსაც ოჯახის წევრები სამსახურიდან გავუთავისუფლე, დაწმინდავდება? სანამ ეს ხალხი არ გაიწმინდება ხელისუფლებიდან, მანამდე ქვეყანა არ დალაგდება. ისინი, არა თუ ოლეგ იაძეს, არამედ ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკას ებრძვიან” – აცხადებს ოლეგ იაძე.