,,ხალხი რჩება უსახლკაროდ, იმაზე გაამახვილეთ ყურადღება” – მიაძახა ერთ-ერთმა ქალბატონმა კოალიცია ,,ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს იმ დროს, როდესაც სიტყვით გამოსვლა, გორის თეატრის ეზოში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, დაასრულა.
მეჯვრისხევისა და ვარიანის შემდეგ, მარგველაშვილი გორელ ამომრჩევლებს შეხვდა. საპრეზიდენტო კამპანია მომღერალმა ირმა სოხაძემ გახსნა. მისი თქმით, სოფლებში უამრავი პრობლემა მოისმინა, რომლის მოგვარებაში ხელისშემშლელ ფაქტორად ხელისუფლებაში ,,ნაციონალური მოძრაობის” კვლავ არსებობა დაასახელა.
,,ერთ სოფელში გვითხრეს, რომ წყლის საქაჩი როცა ზიანდებოდა, ნაციონალები ერთ დღეში აკეთებდნენო. ახლა კიდევ 6 თვე უნდებიან მის გაკეთებასო. როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ თანამდებობებზე შემორჩნენ, ხელს უშლიან საქმის კეთებას” – აღნიშნა სოხაძემ.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, რომელიც მთელი დღე გიორგი მარგველაშვილის კამპანიაში მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთხელისუფლებიანობაა: ,,დღეს საქართველოს ერთი ჰყავს ხელისუფალი, მეორე კი ხელისშემშლელი” – ხადურის ამ გამონათქვამს ოვაციები მოჰყვა.
თეატრის ეზოში გიორგი მარგველაშვილს წერილები მიაწოდეს. ყველა მათგანი საკუთარ გაჭირვებაზე ესაუბრებოდა. აქვე იყვნენ გორის ბაზრის მოვაჭრეები. მათ ახალ ბაზარში გადასვლა არ უნდათ და დახმარება ითხოვეს.
p.s. სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა შოთა ხაბარელმა ,,მონსტრად” ლამის ,,ქართული ოცნება” დაასახელა, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატი პარლამენტარმა თემურ ხუბულურმა – ,,მარჯველაშვილად” მოიხსენია. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ კი გორელებს მხარდაჭერა ,,მარგელაშვილის” სასარგებლოდ სთხოვა.