მარგველაშვილი ვარიანში: ,,წიგნები უფასოდ გაქვთ, ატამიც ბევრი გაქვთ”(VIDEO)

მარგველაშვილი ვარიანში: ,,წიგნები უფასოდ გაქვთ, ატამიც ბევრი გაქვთ”(VIDEO)

,,წიგნები უფასო გაქვთ. მოსავალიც ბევრი გაქვთ, ჯანდაცვას კი თქვენ უნდა მიაკითხოთ, სერგიენკო კი არ ჩამოვა” – უთხრა კოალიცია ,,ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ვარიანში ამომრჩევლებს იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმის ეზოში დღეს 14 აგვისტოს გამართულ შეხვედრისას.

სახლმუზეუმში მარგველაშვილს იაკობ გოგებაშვილის შთამომავლებმა უმასპინძლეს, რომელთა შემწეობით შენობას კომუნისტების დროს, რესტავრაცია ჩაუტარდა და მუზეუმი გაიხსნა: ,,ეს ყველაფერი კომუნისტების დროს გაკეთდა, ოთარ თაქთაქიშვილი იყო კულტურის მინისტრი მაშინ. იმდენი ვიბრძოლეთ, რომ ყველაფერი ისე აღვადგინეთ, როგორც იაკობის დროს იყო” – უთხრა სახლმუზეუმის პირველმა დირექტორმა. მარგველაშვილს ჭიშკართან სახელმუზეუმის ყოფილი დირექტორის მიხეილ გოგებაშვილის მეუღლე შეხვდა, რომელმაც მარგველაშვილს და ფინანსთა მინისტრს დაკავებული მეუღლის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.

მუზეუმის დირექტორი მიხეილ გოგებაშვილი, გასულ თვეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ფინანსური პოლიციის აგენტმა გოგებაშვილს პროვოკაცია მოუწყო.

მუზეუმის ერთ-ერთ ოთახში 1940 წელს გადაღებული იაკობ გოგებაშვილის სახლის ის ძველი ფოტო კიდია, რომლის მიხედვით შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. ,,ეხლა რამე კი არ თქვათ, რაკი კომუნისტების აშენებულია” – გაეხუმრნენ მუზეუმის დათვალიერებისას პრეზიდენტობის კანდიდატს და ფინანსთა მინისტრს.

,,ბატონო გიორგი, ვარიანის სკოლას ნაციონალებმა იაკობ გოგებაშვილის სახელი წაართვეს” – უთხრეს მარგველაშვილს. ,,ხალხო, თურმე სკოლას იაკობ გოგებაშვილის სახელწოდება ჰქონდა. ეხლა აგერ მე და ნოდარი გეუბნებით, რომ ეს სახელი აქვს” – რასაც მარგველაშვილს ამ სიტყვას ფინანსთა მინისტრმა კვერი დაუკრა. ,,ჩათვალეთ, რომ სკოლას ეს სახელწოდება დაუბრუნდა” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი აქაც სასოფლო-სამეურნეო ბარათების თემაზე საუბარს ვერ ასცდა. რამდენიმე ვარიანელმა აღნიშნულ სფეროში ნაკლოვანებებზე გაუმახვილეს ყურადღება. იმ გლეხებმა კი, ვისაც წელს ბევრი ატმის მოსავალი მოუვიდა, შესჩივლეს, რომ ქართულ ბაზარზე ატმის ფასი ვედრო 2 ლარია. ,,წელს ყოველშემთხვევაში მოსავალი არის, მომავალ წელს ვნახოთ” – უპასუხა მარგველაშვილმა.