კოალიცია ,,ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, 14აგვისტოს დილით, მეჯვრისხევში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად იმყოფებოდა. საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
პირველ რიგში, მინისტადიონის მოედანზე შეკრებილებმა, მარგველაშვილს სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ამჟამად, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ტარიელ გურგენიძის გათავისუფლება მოსთხოვეს. მცირე ფერმერებმა კი, რომელსაც მიწის ნაკვეთები 5 ჰა-ზე მეტი აქვთ, ბარათების დარიგება შეახსენეს. მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ, უპირველესად, სოფლის მეურნეობის ბარათებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ის კატეგორია დააკმაყოფილეს, რომლებსაც ყველაზე მეტად დახმარება ესაჭიროებოდათ. ,,რაც შეეხება თქვენნაირი კატეგორიის ძალას, რომელსაც შეუძლია ეკონომიკას უფრო დახმარება მოუტანოს, შეღავათიანი კრედიტების მიღების პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება” – უთხრა მარგველაშვილმა.
რამდენიმე ადამიანმა მარგველაშვილთან რუსეთთან გზების გახსნის დაგვიანების გამო, საყვედური უთხრა. ,,გვეგონა გზა მალე გაიხსენობდა, ვაშლსა და ატამს გავიტანდით და წელში გავიმართებოდით”, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა მიუგო, რომ ეს პროცესი დაწყებულია: ,,ღვინო ხომ გავიტანეთ? ბორჯომი ხომ გადის უკვე? ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება” – უპასუხა მარგველაშვილმა.
,,ჩვენ ღვინო არა გვაქვს, ჩვენ ატამი გვაქვს, ჩვენ რა სარგებელი მაგით?” – კითხვითვე მიუგეს მეჯვრისხეველებმა. ,,ეხლა მე სამჭკუაშვილი ვაარ, ქრისტე კი არა, რომ ერთ თვეში რუსეთთან ურთიერთობა დალაგდეს. იქნება, იქნება ყველაფერი” – უთხრა მარგველაშვილმა.
სოფელში უკმაყოფილება სხვადასხვა პრობლემებზეც გამოთქვეს, ისეთი, როგორიცაა სარწყავი სისტემების ჯერ კიდევ გაუმართაობა. სარწყავი წყალი, ამჟამად, მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოში შემავალ სოფლებს თითქმის არ მიეწოდებათო. ამაზე მეჯვრისხეველებს პასუხს ფინანსთა მინისტრი სცემდა, რომლის განცხადებით, თანხა გამოყოფილია ტირიფონის არხიდან წყლის გადაქაჩვის თაობაზე.
გიორგი მარგველაშვილს მეჯვრისხევის საჯარო სკოლიდან 2011 წელს გათავისუფლებულმა პედაგოგმაც შესჩივლა: ,,თქვენს მაგივრად დირექტორმა სერთიფიცირებული პედაგოგი ხომ არ მიიღო?” – ჰკითხა პრეზიდენტობის კანდიდატმა და, ამავე დროს, განათლების ყოფილმა მინისტრმა, რომლის პერიოდში ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას გათავისუფლებული პედაგოგების საქმიანობის შესწავლა დაიწყო. გათავისუფლებულმა პედაგოგმა უპასუხა, რომ იმ დროს როდესაც სკოლიდან გაათავისუფლეს, ერთი გამოცდა ჰქონდა ჩაბარებული:
,,ჩავედი რესურსცენტრში შალვა სრესელთან, ვთხოვე, რომ მეორე გამოცდის ჩაბარებამდე დაეცდიათ ჩემთვის, მაგრამ სრესელმა დირექტორს დააბრალა, იმან გაგათავისუფლაო. დირექტორი კი სრესელს აბრალებს. დღემდე სამართალი ვერ ვიპოვე” – განუცხადა ყოფილმა პედაგოგმა. მარგველაშვილმა მას კონკრტერტული დაპირება ვერ მისცა.
შეხვედრაზე მარგველაშვილი მთავრობის მიერ ბოლო 9 თვის განმავლობაში გაკეთებულ საქმეებს ახსენებდა. მათ შორის ისეთ პროგრამებს, რომელიც განათლების სამინისტროს მეშვეობით განხორციელდა. საუბარი წიგნების უფასო დარიგებას, უმაღლეს სასწავლებლებში უფასო ფაკულტეტების შემოღებას შეეხო და ა.შ. მარგველაშვილმა ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის უფასო პროგრამაც ახსენა.