ცინიზმი რატომაა იცით? - ცოცხლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაუჯდათ ეს ყველაფერი; სულ ახლახან იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე; არც თუ დიდი ხნის წინ იყო გირგვლიანის ისტორია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილისთვის „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ ჯილდოს გადაცემას.
„რომ მიეცათ ჯილდო მაგალითად სპორტული მიღწევებისთვის, ან ეკონომიკაში რაიმე მიღწევისთვის, ალბათ, ხმის ამომღები არ ვიყავი. მაგრამ, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების მიმართულებით და დემოკრატიის განვითარებაზე... თუ ვინმე იცნობს ისტორიას, ყველაფერზე შეგიძლია ორდენი დაკიდო სააკაშვილს, მაგრამ, დემოკრატია და ადამიანის უფლებები არის ის სფერო, სადაც ცინიზმად გამოიყურება ეს.
არ მაქვს მიზეზი, რომ ვივარაუდო, რომ იმ ნორვეგიული ორგანიზაციასავით ფიქრობს მთელი ევროპა, რომელმაც ეს პრიზი გადასცა სააკაშვილს. ცინიზმი რატომაა იცით? - ცოცხლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაუჯდათ ეს ყველაფერი. მათ შორის, სულ ახლახან იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, არც თუ დიდი ხნის წინ იყო გირგვლიანის ისტორია, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები ხომ არიან და ხომ ყველას გვახსოვს. დემოკრატიაში შეტანილ წვლილზე რომ გვაქვს საუბარი, ვთქვათ რამდენი კრიტიკული მედია მუშაობდა საქართველოში და რა დღე დაადგა „იმედის“ ტელევიზიას. ვინმეს, რომელიმე პიარკომპანიას ან პიარსტრატეგს შეიძლება ჰქონდეს სურვილი, რომ სააკაშვილისგან ნელსონ მანდელა შექმნას, მაგრამ ეს ხომ ზღაპარია და შეუძლებელი ამოცანაა. რამდენიც არ უნდა ეცადონ რომ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ევროპაში, ან საზღვარგარეთ შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ საქართველოში ეს ხომ ყველას ახსოვს. საქართველოს უდიდესი უმრავლესობა ევროპისკენ მაცქერალი ადამიანები არიან და მცირე რაოდენობით არიან ევროსკეპტიკოსები. მერწმუნეთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით აიარაღებენ იმ საზოგადოების ნაწილს, რომლებიც ევროსკეპტიკოსები არიან“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.