გიორგი ამილახვარი: ჩვენ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და წავახალისოთ მეტი ევროპული და დასავლური განათლება

გიორგი ამილახვარი: ჩვენ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და წავახალისოთ მეტი ევროპული და დასავლური განათლება

მე მინდა ვიარო ადგილებზე: სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებში, უნივერსიტეტებში და ადგილზე გავეცნო პრობლემებს, საკითხებს, გამოწვევებს. ეს შემდეგ გახდება საფუძველი, რომ კაბინეტში მივიღოთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ახლად დანიშნულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ სამინისტროში სტუმრობისას განუცხადა.

მისივე თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა პოლიტიკური მსოფლმხედველობისაა, იგი ყველას მინისტრი იქნება.

მინისტრმა სკოლების შემოვლა თბილისის 51-ე სკოლიდან დაიწყო, რომელშიც ერთ დროს თავად სწავლობდა.

„ყველაფერი საუკეთესო უნდა შევუქმნათ ჩვენს შვილებს. სკოლის ინფრასტრუქტურით დაწყებული, მასწავლებლის მხარდამჭერი ღონისძიებებით გაგრძელებული. მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტიები, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ დღეს უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს“, - განაცხადა ამილახვარმა.

მან განათლების პოლიტიკის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„ჩვენ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და წავახალისოთ მეტი ევროპული და დასავლური განათლება. დასაქმებისკენ ყველაზე მოკლე გზა ეს არის პროფესიული განათლება. ვგეგმავთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მეტ სტიმულირებასა და კიდევ მეტ მხარდაჭერას, რომელიც უკავშირდება სწავლის გადასახადს, საცხოვრებელი პირობების მხარდამჭერ მექანიზმებს, ვისაც ეს სჭირდება და წარჩინებული, მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის მეტი სასტიპენდიო მექანიზმების შეთავაზებას“, - განაცხადა ამილახვარმა.