სააკაშვილი მარტო არ არის პატიმრებიდან, ვინც „ვივამედში“ მკურნალობს. მაგრამ თუ მკურნალობა არ უნდა და არ ექვემდებარება მკურნალობის შეთავაზებულ პროცესს, რასაკვირველია, ეს ყოველგვარ პასუხისმგებლობას ხსნის მედპერსონალისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მთელი გარემოცვა ცდილობს ის როგორმე იმ სტრატეგიულ გეგმაში მოაქციოს, რომელსაც რევოლუცია ჰქვია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
კლინიკა „ვივამედმა“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე.
მათივე განცხადებით, კლინიკა სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.
„ვივამედის“ განცხადებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, გამოვიყენებენ რჩევებს და საკითხს კომპლექსურად განიხილავენ.