საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოსთვის, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე მდგომი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა. მით უმეტეს ახლა, როდესაც რეგიონში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით და როდესაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის მინიჭების შემდეგ უკვე ელოდება შემდეგ ნაბიჯს, ეს არის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის გადაწყვეტილება. მქონდა საშუალება მომესმინა ქალბატონი ბერბოკის გამოსვლა ევროპის საბჭოში, სტრასბურგში. ის ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი პოლიტიკოსი გახლავთ. ძალიან კარგად ერკვევა საერთაშორისო ვითარებაში და მის განცხადებას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოველით, რომ საქართველოში ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ის კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირებს გერმანიის სახელით საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას და დააფიქსირებს ასევე ძალიან მკაფიო პოზიციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მის ვიზიტს და განცხადებებს საქართველოში ჩამოსვლისას მნიშვნელობა აქვს ასევე როგორც ევროპელი პოლიტიკოსის ვიზიტს და მისი შეფასება რა თქმა უნდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესთან მიმართებაში, იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თალაკვაძემ „ქრონიკაში“.
საქართველოს დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
თბილისში ჩამოსვლამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბერბოკი აღნიშნავს, რომ საქართველო განიცდის ზეწოლას ქვეყნის შიგნიდან და გარედან. მის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობასთან შეხვედრაზე ის განიხილავს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანას გადასადგმელი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.