ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო - მიხეილ სააკაშვილს მოლოდინი აქვს, რომ გადაიყვანენ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ადვოკატებმა ორი კვირის წინ ექსპრეზიდენტის სამედიცინო ისტორია მოითხოვეს, რომელიც ამ დრომდე არ მიუღიათ.
„ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო. მან თქვა, რომ არანაირ პროცედურაზე უარს არ აცხადებს. თუ რამე მკურნალობის შემოთავაზებაა, ყველაფერზე თანხმდება. მე ავადმყოფობის ისტორია მოვითხოვე, ადმინისტრაციაში ადვოკატებს აღარ გვიშვებენ. უფრო მეტიც, ორი კვირის წინ მოთხოვნილ ავადმყოფობის ისტორიაზე დავარაშვილი გაცემაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ როცა გაწერენ მიხეილ სააკაშვილს მაშინ გავამზადებო. ერთი სიტყვით, დაცვის მხარემ არაფერი იცის მის გადაყვანასთან დაკავშირებით.
მას მოლოდინი აქვს, რომ გადაიყვანენ. მისი თქმით, არაფერია ამათგან გამორიცხულიო. ერთ-ერთ მკურნალ ექთანს ვესაუბრე, ესენიც გაკვირვებულები არიან ეს როგორ უნდა მოხდეს. წინა ავადმყოფობის ისტორიაში არ არსებობდა არც ერთი ჩანაწერი თავად კლინიკა „ვივამედის” მიერ, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს რამე მკურნალობაზე. საერთოდ ერთი თვეა არანაირი განცხადება არ გაგვიკეთებია, არც „ვივამედის“ და არც პენიტენციური დაწესებულების მიმართ, თავად სახელისუფლებო ტელევიზიებმა დაიწყეს, გუშინ ამაზე ატეხეს ერთი ამბავი და ბოლოს დაგვირგვინდა იმით, რომ „ვივამედმა“ ეს განცხადება გააკეთა. ჩვენ ეს ხალხი არც გაგვილანძღია და არც საყვედური გვითქვამს, თუმცა სასაყვედურო ბევრი აქვთ, რადგანაც ცეცხლის ხაზი გახსნეს, დღეიდან ვუსაყვედურებთ. სად არის თამარ დავარაშვილის დაწერილი სამედიცინო ისტორია, რომელიც მოვითხოვეთ, დაახლოებით, სამი კვირის წინ? რატომ არ უშვებენ ადვოკატებს ადმინისტრაციაში, რომ ეს დოკუმენტები მოვითხოვოთ? რატომ არ უტარდება სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა? საერთოდ რატომ არის სააკაშვილი ისეთ კლინიკაში, სადაც დემენციაზე მკურნალობა შეუძლებელია? მათ ფსიქიატრიულის ლიცენზია არ აქვთ. რატომ ხდება ეს დარღვევები და კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილს რატომ აწამებენ?”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. მათივე განცხადებით, ამის შედეგად „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.
„ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.