ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან პრაქტიკულად ყველაფრის გათვალისწინებას ვაპირებთ, თუნდაც იმიტომ, რომ სასპეკულაციო სივრცე არ დარჩეს. თქვენ ხომ ხედავთ ომისა და ღალატის პარტიის მხრიდან იმ ნარატივს, რომ არ შეიძლება ამის მიღება. ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია არ შესრულდეს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„თუ ვინმე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ უნდა იყოს მიღებული, ანუ ერთ-ერთი რეკომენდაცია არ უნდა შესრულდეს, ჩვენ, პირიქით, ვამბობთ, რომ უნდა შესრულდეს და ამისთვის უნდა გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შესაბამისად, ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს და მივიღებთ კანონს. ეს კანონი რომ იყოს სრულყოფილი, ვენეციის კომისიამ კონკრეტული მითითებები მოგვცა, რისი გათვალისწინების შემთხვევაში ავტომატურად იგულისხმება, რომ კანონი შეიძენს იმ სახეს, რაც დასახული მიზნების აღსრულებას უზრუნველყოფს. ვინც არ უნდა მიმაჩნდეს მე სუბიექტურად რომელიღაც ჯგუფის დამფინანსებლად, ოლიგარქად და ა.შ. - ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით მიღებული კანონის კრიტერიუმებში თუ არ დაჯდა, მე ან თქვენ, სუბიექტურად რაც არ უნდა გვინდოდეს, ხომ ვერ შევასრულებთ?“ - განაცხადა მდინარაძემ.