საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი სამეგრელოს მოსახლეობას წარუდგინა. გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური საარჩევნო კამპანია ნოქალაქევიდან დაიწყო.
„ჩვენი შეხვედრისთვის შევარჩიეთ ეს ისტორიული ადგილი, საიდანაც საქართველოს გამთლიანება დაიწყო - ქუჯის ციხე, ციხეგოჯი, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა და სწორედ აქედან გვინდა დავიწყოთ ჩვენი ოფიციალური წინასაარჩევნო კაპმანია",-აღნიშნა პრემიერმა. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე დამსწრეთ მობრძანებისთვის და კოალიცია „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„პრეზიდენტობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენელს, ევროპული ყაიდის ლიდერს და ამით ვარღვევთ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცი და ყველას პატრონი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს. ევროპაში ეს ასე არ არის და ჩვენთანაც უნდა დავამსხვრიოთ ეს მახინჯი სტერეოტიპი; უნდა დავამკიდროთ დემოკრატიული მმართველობის სტილი და ქვეყნის პრეზიდენტად ავირჩიოთ ევროპულად მოაზროვნე ადამიანი,"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.