მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს - ვაი ოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის „ფეისბუქ“ პოსტს, სადაც ის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს წერს.
„ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას !!! და მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს - ვაი ოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი - სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები და ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მარტივად-არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ!“, - წერს მაია ბითაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში მაკა ბოჭორიშვილის მისამართით წერს, რომ „საქართველოს სირცხვილია“, რომ ის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა და არ ეგონა, თუ „რუსულ დეზინფორმაციაში ასე ჩაეწერებოდა“.