გია ვოლსკი - მანდატის დატოვების სურვილი ვინმეს თუ ექნება, ეს თავისი გადასაწყვეტია, პარტიული ზეწოლა არავისზე მიმდინარეობს

გია ვოლსკი - მანდატის დატოვების სურვილი ვინმეს თუ ექნება, ეს თავისი გადასაწყვეტია, პარტიული ზეწოლა არავისზე მიმდინარეობს

მანდატის დატოვების სურვილი ვინმეს თუ ექნება, ეს თავისი გადასაწყვეტია. არავისზე მიმდინარეობს პარტიული ზეწოლა, რაზეც ცალკეული პირები ლაპარაკობენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს, ვინ დაიკავებს პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების გამოთავისუფლებულ ადგილებს.

„კომიტეტების თავმჯდომარეების გამოთავისუფლებულ ადგილებზე მსჯელობა მიმდინარეობს. კონკრეტული კანდიდატურები დასახელებულია და შესაბამის გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

„ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. რუსული კანონი, როგორც ასეთი და რუსული ინსპირაცია არ არსებობს. არ არსებობს და ვერც იარსებებს რუსეთის გავლენა პოლიტიკურ ძალაზე, როგორიც „ქართული ოცნებაა“. არსებობს კონსტიტუცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა და საგარეო კურსი ძალიან მკაფიოდაა ჩამოყალიბებული.  რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ინტენსიური მცდელობებია, ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს საგარეო კურსი იცვლება და იქნებ ამით წამოწიონ თავისი შელახული, ძირს დაცემული ავტორიტეტი და ხალხს თავი მოუყარონ იმ მიტინგზე, რომელიც 9 აპრილს დაგეგმეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკოსა და ვახტანგ ჩაჩიბაიას მიერ მანდატების შესაძლო დატოვებაზეც.

„პირადად არ მისაუბრია, მაგრამ ამაში სკანდალურიც არაფერია, თუმცა არც თუ სასიამოვნო პროცესია. ფაქტია, ადამიანებს დამოუკიდებელ დეპუტატად საქმიანობის გაგრძელება არ სურთ. იმიტომ, რომ არ სურთ ქართული ოცნება დატოვონ და სურთ იმუშაონ სპეციალობის მიხედვით, რაზეც განცხადებებს აკეთებენ. ამაში ორი აზრი, რაიმე დაფარული მოსაზრება არ არსებობს. როგორ შეიძლება, გუნდმა აიძულოს, მანდატი დატოვოს და პარტიიდან გარიცხონ, ასეთი რამე არ არსებობს. ასეთი მეთოდი არასდროს გამოყენებულა. საქართველოში, ჩვენში არ არსებობს ისეთი რესურსი, რომელიც გამოყენებული იქნება ადამიანის ნების დასათრგუნად, თუმცა ასეთი ორგანიზაციებიც ვიცი, სადაც მარჯვნივ  ან მარცხნივ ოდნავ გადახრა პარტიულად ისჯება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.