პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე მიღებას დაესწრო.
მიღებას ასევე დაესწრნენ ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ასევე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე.
ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან და BULKELEY-ის კაპიტანთან, მეტ ფილიპსთან ერთად სამხედრო ხომალდი დაათვალიერა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა ხომალდზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
“მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში შემოვიდა ჩვენი მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების გემი. სიმბოლურია, რომ მეექვსე ფლოტის გემზე ვიმყოფებით ახლა, რადგან 5 წლის წინ, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა, სწორედ ამ ფლოტის გემები შემოვიდნენ საქართველოს პორტებში ჩვენს მხარდასაჭერად. დღეს ეს მეგობრული ვიზიტია და მინდა ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს პარტნიორებს.
ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, სულ საქართველოს გვერდითაა. ჩვენი მეგობრების დახმარებით საქართველო ქმნის თანამედროვე შეიარაღებულ ძალებს.
ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ამერიკელების მხარდაჭერას 90-ანი წლების დასაწყისში, როდესაც სამოქალაქო ომით დაუძლურებულ ქვეყანას ამერიკელმა ხალხმა ხელი გამოგვიწოდა და სასურსათო დახმარებას გვიგზავნიდა, და ეს დახმარება სწორედ საზღვაო გზით შემოდიოდა. “- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა.