Abbey Road - დიდი ოთხეულის გრანდიოზული ფინალი

Abbey Road - დიდი ოთხეულის გრანდიოზული ფინალი

არსებობს როკ ჩანაწერები, რომელთაც გვერდს ვერანაირად აუვლის თანამედროვე მუსიკის მოყვარული ნებისმიერი გემოვნების ადამიანი, რადგან მათ განსაკუთრებული როლი ითამაშეს ზოგადად დახვეწილი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში.


ასეთ ალბომებს გარკვეული სიმბოლური ხასიათი გააჩნიათ არამარტო საკუთრივ მის შემოქმედებთან, არამედ ზოგადად ეპოქის, მსმენელთა, თუ თანამედროვე და მომავალი თაობის მუსიკოსებთან მიმართებაში.


Abbey Road, ალბომის გარეკანიდანვე ჰქმნის ახალ სტერეოტიპს ლონდონზე - როგორც არამარტო ინგლისის, არამედ ზოგადად როკ მუსიკის დედაქალაქზე მაშინ, როდესაც თურმე ჯონ ლენონს Abbey Road-ის გამოქვეყნებამდე 6 დღით ადრე, 20 სექტემბერს განუცხადებია ლეგენდარული ჯგუფის დანარჩენი სამეულისთვის - წასვლას ვაპირებ და ეს ამბავი გადაწყვეტილიაო.


ვითომ მაშინ დამთავრდა The Beatles, რომლის ოფიციალური დაშლის შესახებ, მუსიკალურმა სამყარომ ერთი წლის შემდეგ შეიტყო? ფაქტია, რომ ჯგუფის დანარჩენი წევრების თხოვნა, რომ სოლო ალბომი Let It Be-ს გამოქვეყნებამდე არ გამოეშვა, მაკარტნიმ არად ჩააგდო და პირველი ნამუშევარი McCartney, მუსიკალურ სამყაროს The Beatles-ის ფორმალურად ბოლო ჩანაწერ Let It Be-მდე მოევლინა. ალბომს მაკარტნისთან ინტერვიუ მოჰყვა, რომლითაც მუსიკოსმა პირველმა ამცნო საზოგადოებას The Beatles-ის დაშლის შესახებ. შესაძლოა სწორედ აქ უმტყუნა ნერვებმა პოლს, დაასწრო რა ჯონ ლენონს იმ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა, რომლის შესახებაც ჯგუფთან დაახლოვებულ წრეებში ისედაც საუბრობდნენ...


ცხადი იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს, 27 წლის მუსიკოსს მოთმინების ფიალა აევსებოდა და თავად დააჩქარებდა სტუდიაში იოკო ონოსთან შეხვედრების არასასიამოვნო შთაბეჭდილებებისაგან განშორებას. ამიტომაც The Beatles-ის ზოგიერთ მოყვარულს The Beatles -ის დაშლის დაჩქარების მნიშვნელოვან მიზეზად, სწორედ ეს ინტერვიუ მიაჩნია.


ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ Abbey Road-ის ჩაწერისას ოთხეულმა ჯორჯ მარტინის თაოსნობით გადაწყვიტა, რომ Let It Be -ის სესიებისგან განსხვავებული მოწესრიგებული სამუშაო ატმოსფერო შეექმნა, რასაც აუცილებლად გრანდიოზული ფინალი უნდა მოჰყოლოდა, რომლის მსგავსიც, მანამდე არცერთ არსებულ როკ ჯგუფს არ ჰქონია.


The Beatles-მა ეს მისია არამარტო 1969 წლისთვის, არამედ დღევანდელი გადასახედიდანაც კი უმაღლეს დონეზე შეასრულა, რადგან ძნელია გამონახო ჯგუფი, რომელსაც ოდესმე Abbey Road-ის მსგავსი გრანდიოზული აკორდით დაუსრულებია მოღვაწეობა, ან მომავალში (შესაძლოა Black Sabbath-ის გამოკლებით) ამას გააკეთებდეს...


მაინც რაში გამოიხატება Abbey Road-ის ხიბლი? დავიწყოთ ალბომის გარეკანით, რომელზედაც ლონდონის Abbey Road-ის სტუდიისაკენ მიმავალი ოთხეულია გამოსახული. რამდენ ადამიანს უოცნებია ამ გადასასვლელზე ფოტოს გადაღება?   The Beatles-მა ხომ ამ ქუჩას ლონდონის ნებისმიერ ისტორიულ ადგილზე არანაკლები დატვირთვა და მნიშვნელობა მიანიჭა.


წინ ლენონია, რომელსაც თანმიმდევრობით მისდევენ რინგო, პოლი და ჯორჯი. რატომ მაინცდამაინც ასეთი წყობა? თითქოს აქ არაფერია მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორეს მხრივ ფოტოზე შეიძლება ჯონი-რინგო, პოლი-ჯორჯი ისტორიულ  მეგობრობაზე ყურადღების გამახვილების ამოკითხვა. 


გარეკანიდან კი მოდით თვით ალბომის შინაარსზე გადავინაცვლოთ, რომლის გვერდები ერთიმეორისგან კონცეპტუალური თვალსაზრით განსხვავდებიან. თუკი ვინილის პირველ გვერდს ექვსი ცალკე აღებული შედევრი ამშვენებს, მეორე გვერდზე სათავეში You Never Give Me Your Money-ითა და Golden Slumbers-ით, პაუზის გარეშე ორ მთლიან სიუიტას ვისმენთ, რომლებშიც მაკარტნი აშკარად დომინირებს.


საერთოდ, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ალბომში სიმღერათა არანჟირებას, მათი ავტორები განაგებდნენ, დანარჩენი მუსიკოსები კი მხოლოდ შემსრულებლების როლს თამაშობდნენ. ამგვარი წესრიგი ყველა სიმღერაზე ნებსით თუ უნებლიედ არ განხორციელებულა. მაგალითად, ლენონს არ მიუღია მონაწილეობა ჯორჯის კი არადა ზოგადად როკ მუსიკის შედევრის Here Comes The Sun ჩაწერაში. ამ საოცრების ცნობილმა გიტარ რიფმა ხომ მე-20 საუკუნის სრულიად როკ და ჯაზ სივრცე მოიცვა და აქედან გამომდინარე, როკ მუსიკის ერთგვარ ბოლეროდ იქცა. საინტერესოა მისი შექმნის ისტორია. ლონდონის ერთ იშვიათ დარიან დღეს, ჰარისონი გამოექცა სტუდიის მარწუხებს, სადაც ოთხეულის წევრებს ვალდებულება ჰქონდათ ყოველი მისვლა ხელის მოწერით დაეფიქსირებინათ და ერიკ კლაპტონთან გაისეირნა. ისტორიული აკორდები კი მან გზად შექმნა სკვერში აკუსტიკურ გიტარაზე. ჯორჯის კალამს ალბომში კიდევ ერთი შედევრი Something ეკუთვნის. ამ ორ სიმღერას თუ რინგოს კომპოზიტორულ შედევრ Octopus’s Garden-ს შევმატებთ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც, გარკვეულწილად ჩვენს გონებაში დაირღვევა ილუზია The Beatles -ში ლენონ-მაკარტნის დომინირების შესახებ! და რატომაც არა. გავიხსენოთ ჯორჯის პირველივე სოლო ალბომი All Things Must Pass და მივხვდებით, თუ ჯონ ლენონის Imagine-ს რეპერტუარის დამატებით, რა პოტენციალი შეიძლებოდა ჰქონოდა The Beatles -ის მომდევნო სტუდიურ ალბომს... აქ პოლზე ცოტა ხნით უნდა დავყოვნდეთ, რადგან მისი პირველი სოლო ალბომების მიხედვით, ჩვენ ვერ ჩავწვდებით ბითლზის გენერატორის შესაძლებლობებს იმ ეტაპზე, როდესაც მას უბრალოდ უნდა დაესვენა...


Abbey Road-ს ლენონის Come Together ხსნის, რომელშიც მუსიკოსი მხარდაჭერას უცხადებს LSD-ს დამნერგავსა და გამავრცელებელ ირლანდიელ ტიმოტი ლირის, კალიფორნიის შტატის მაშინდელ გუბერნატორ რონალდ რეიგანის წინააღმდეგ. უნდა ითქვას, რომ გამოწვევას ფრენკ ზაპაც შეუერთდა, რომელმაც ათი წლით ადრე (!) იწინასწარმეტყველა ამ უკანასკნელის გაპრეზიდენტება, გამოხატა რა ამასთან დაკავშირებით დიდი მწუხარება...


ალბომის პირველ გვერდს ჯონის კიდევ ერთი სიმღერა I Want You (She’s So Heavy) ამშვენებს. ბლუზური ჰიმნი „ბიტლური“ ფსიქოდელიის ერთ-ერთი შესანიშნავი გამოხატულებაა და გვამზადებს ალბომის მეორე გვერდისათვის, რომელსაც ზემოთხსენებული Here Comes The Sun ხსნის.


დადიოდა ჭორები, თითქოს  შვიდწუთიანი I Want You-ს სოლოს, თვით ერიკ კლაპტონი ასრულებდა, მაგრამ სინამდვილეში სოლოზე აქ თავად ავტორი უკრავს, ხოლო ჰარისონი კი რიტმ გიტარაზეა. ალბომის მეორე მხარეზე ლენონი რეალურად მხოლოდ ერთხელ იჩენს თავს Because-ით. ულამაზესი კომპოზიციის საფუძველია ბეთჰოვენის მთვარის სონატა, რომლის აკორდების უკუღმა დაკვრა სთხოვა ერთ საღამოს ჯონმა იოკოს... სიმღერა გამორჩეულია ჯონის, პოლისა და ჯორჯის დიდებული სამხმოვანი ვოკალით. მუგის სინთეზატორზე აქ ჰარისონმა დაუკრა, ხოლო კლავისინის პარტიას კი ჯორჯ მარტინი ასრულებს.


Abbey Road-ის მთავარი შემოქმედი კი როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად, ალბათ მაინც პოლ მაკარტნია, რადგან მის დანარჩენ სიმღერებს რომც მოვეშვათ, სრულიად საკმარისია ალბომში სამი Golden Slumbers – Carry That Weight – The End ნაწილისაგან შემდგარი პოლის გრანდიოზული ფინალური სიუიტის გახსენება.


მთელი 43 წუთიანი ნამუშევრის ჭეშმარიტ გვირგვინად სწორედ მაკარტნის განუმეორებელი ვოკალი გვევლინება Golden Slumbers-ში, რომლისთვისაც ჯერ კიდევ მეორე გვერდის პირველი სიუიტის გამხსნელი You Never Give Me Your Money გვამზადებს. საოცარი ვოკალის პარტიას, რომელიც ზოგადად როკ ვოკალის სიმბოლოდ იქცა ხასიათის სიძლიერით, სიღრმითა და მელოდიურობით, მაკარტნი უკვე დამაგვირგვინებელ ნაწილში ერთადერთი სიტყვით – The End, მელანქოლიურად, საოცრად თბილად და ერთგვარი სინანულით, თითქოს ბოდიშის მოხდით ეხმაურება, გვამცნობს რა, რომ იგი საკუთარი მხრებით ოთხეულის ტარებას იოკოსთან ერთად, ამიერიდან უკვე აღარ აპირებდა...