ყოფილ ევროპარლამენტარებს შესაძლოა უფლებამოსილების ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში ევროპარლამენტში ლობისტური საქმიანობა აეკრძალოთ. France24-ის ინფორმაციით, შესაბამისი რეგულაციის შემოღებაზე ევროპარლამენტი უკვე მუშაობს.
როგორც გამოცემას საკუთარმა წყაროებმა განუცხადეს, ევროპარლამენტის მაღალჩინოსნებმა შესაბამის შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, კანონპროექტზე მუშაობა კი აპრილის ბოლომდე დასრულდება.
კანონპროექტის მიხედვით, ყოფილი დეპუტატები, რომლებსაც სურთ ლობისტური საქმიანობის განხორციელება, დაკარგავენ პარლამენტში შესვლის ავტომატურ უფლებას, რომელიც ამჟამად აქვთ. ისინი პარლამენტის გამჭვირვალობის რეესტრში ჩაეწერებიან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ საშვებს.
კანონპროექტის განხილვა ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის ფონზე გახდა აქტუალური. გამოძიების მასალების თანახმად, ერთ-ერთ მთავარ როლს კორუფციულ სკანდალში სწორედ ყოფილი ევროპარლამენტარი ანტიონი პანცერი ასრულებდა. გამოძიების მტკიცებით, სწორედ პანცერი იყო შუამავალი ევროპარლამენტარებსა და კატარისა და მაროკოს ოფიციალურ პირებს შორის.
გერმანელი ევროპარლამენტარის, დანიელ ფროინდის განცხადებით, ზოგადად, ახალი წესები ყოფილ ევროპარლამენტარებს ლობისტურ საქმიანობას არ აუკრძალავს, თუმცა „გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ინტერესთა კონფლიქტის რისკი გაცილებით მაღალია, პარლამენტთან მათი წვდომა გამკაცრდება“.