ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, საკუთარი ეროვნული ამოცანები და ინტერესები გააჩნია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას საერთაშორისო გამოხმაურებებზე განაცხადა.
„რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესები, მათ შორის ლეგიტიმური, ეროვნული ინტერესები და აქედან გამოდის ყველა ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოსაც აქვს თავისი ეროვნული ინტერესი.
ყველა ქვეყნის და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედის ერთ-ერთ რგოლად ის, რომ მიმდინარე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესების შესახებ ჯერ ვთქვათ, რა არის სიმართლე და პირველი რიგის ამოცანად მისი განსჯა არ დავიყენოთ, ვინ ამბობს ამას - ჯერ რა არის სიმართლე და შემდეგ ვინ ამბობს ამას. რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ამას ბეჯითად და კატეგორიულად ვიმეორებდით. ის, რაც არის სიმართლე, თუ მისი საწინააღმდეგო ინფორმაცია საიდანღაც მოდის, ეს არ არის მართალი და ეს არის სიცრუე. მარტივი ამოცანაა, თავშივე აღვნიშნე, ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, საკუთარი ეროვნული ამოცანები და ინტერესები გააჩნია“, - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.