ერთია პროტესტი, რაც მოჰყვა კანონპროექტს, რა დაიჯერა საზოგადოებამ და მეორეა ამას როგორ და რა მიზნით იყენებდნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, საზოგადოება ვიდეო მტკიცებულებების ნახვის შემდგომ დასკვნებს თვითონ გამოიტანს.
„ეს ხომ არის ფაქტი და ვიდეო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ რადიკალური მიზნებით. ერთია პროტესტი რაც მოჰყვა, რა დაიჯერა საზოგადოებამ და მეორეა ამას როგორ და რა მიზნით იყენებდნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები. განსაკუთრებით საინტერესო იყო ერთი პასაჟი, სადაც კაპანაძე, თუ არ ვცდები, საუბრობდა გამწვანებაზე, ვიღაცის დავალების შესრულებაზე და ა.შ. იქ იყო საუბარი პარლამენტში შეჭრაზე, ამაზე თითქმის მწვანეს ანთებაზე და მსგავსი საკითხებზე. საზოგადოება აქედან დასკვნებს გამოიტანს ჩემი აზრით, თუ ვინ უნთებს მწვანეს, ვისი დავალებით მოქმედებენ და ეს მწვანე მდგომარეობს თუ არა იმაში, რომ უნდა აიღონ პარლამენტი. ამ დროს, ვიღაც ადამიანი, რომელსაც დააჯერეს, რომ ეს კანონი შეიძლება რუსული ყოფილიყო, აბსოლუტურად სხვა რამეს აპროტესტებს და ეს ადამიანები თავის მიზნებზე მსჯელობენ. როგორც „ნაცები“ მსჯელობდნენ ხოლმე როგორ მოესუფთავებინათ ველი, შევარდნილიყვნენ იმედში, დააბრალებდნენ ომის დაწყებას საკუთარ ჯარისკაცებს და მაინც ეთქვათ, რომ რუსეთს ებრძვიან, იგივე ფსიქოლოგია აქვთ ახლაც. ველის მოსუფთავებაზე და კონტრშეტევაზე ლაპარაკობენ. იქ, ვიღაცას რაღაც დაემართება თუ არა საერთოდ არ ანაღვლებთ. ამიტომ არიან ისეთივე „წარმატებულები“ როგორც ბოლო წლების განმავლობაში“,- განაცხადა მდინარაძემ.
გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, თუ როგორ იგეგმება პარლამენტის შენობის აღება აქციის მსვლელობისას. ვიდეოში ფიგურირებენ გიგა მაქარაშვილი, აკია ბარბაქაძე და გედი ფოფხაძე.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.