მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმეს უნდა ამ ფორმალურ და ტექნიკურ დეტალებზე სპეკულაციით რაღაც მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზეც

მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმეს უნდა ამ ფორმალურ და ტექნიკურ დეტალებზე სპეკულაციით რაღაც მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზეც

თუკი ვინმეს უნდა ამ ფორმალურ და ტექნიკურ დეტალებზე სპეკულაციით რაღაც მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზეც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს რეგლამენტი ითვალისწინებს. თუკი ვინმეს უნდა ამ ფორმალიზმთან დაკავშირებით სპეკულაციებით რაღაც მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზეც. თუკი ამით აპირებენ რაღაც მუხტის გაზრდას, აბსოლუტური სპეკულაციაა რაღაც ფორმალურ და ტექნიკურ დეტალებზე საქმის გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხის პროტესტზე თუა საუბარი, ათმაგი იქნება უკან წაღების შემთხვევაში. ეს წარმოუდგენელი ამბავია. წმინდა ტექნიკური და ფორმალური თვალსაზრისითაც მინდა განგიმარტოთ, რომ პირველ მოსმენამდე შესაძლებელია გაწვევა და ერთი კანონის შემთხვევაში ეს ასე მოხდა. რადგან მეორე კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, გაწვევა და დაჩქარებულად განხილვაც შეუძლებელია იგივე რეგლამენტის თანახმად. აქედან გამომდინარე წმინდა წყლის სპეკულაციაა. ამავე ლოგიკით შეგვიძლია ნებისმიერი სხვა გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ, ასეთ რაღაცაზე თუ წავა რომელიმე პოლიტიკური გუნდი. ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის ტექნიკური და ფორმალური საკითხი“,- განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.