ახლად არჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ აქციაზე ბოლომდე აპირებს დარჩენას.
„მოვედი, რომ ჩემი თვალით დავაკვირდე რა ხდება რუსთაველზე, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პოლიციას და დავრწმუნდე, რომ არ ექნება ძალის გადამეტებას ადგილი და მომიტინგეების გამოხატულება იქნება სრულად დაცული. აქციის დასრულებამდე ვიქნები აქ და ჩემი თვალით ვნახავ, რომ მერე აქ მიმდინარე მოვლენების სწორი შეფასებები გავაკეთო“, - განაცხადა იოსელიანმა.
მანამდე მან განცხადება გაავრცელა, სადაც შსს-ს მოუწოდა არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, შეკრებაში მონაწილეებს კი მოუწოდა, რომ არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები აგენტების შესახებ ამერიკულ კანონს აპროტესტებენ.