2012 წლამდე თქვენ ერთხელ უკვე გააკეთეთ ეს, როცა გარიყეთ ადამიანები აუდიტორიებიდან და სხვადასხვა ოთახიდან, ამას ჰქვია ფაშიზმი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „სტუდენტებო, მოგიწოდებთ, ბოიკოტი გამოუცხადოთ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მსახურ ლექტორებს, არ შეხვიდეთ მათ ლექციაზე, ამით ყველაზე კარგ პასუხს გასცემთ საოკუპაციო რეჟიმს“.
შალვა პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს უპასუხა, რომ ადამიანების გარიყვა არის მათი ერთადერთი პოლიტიკა.
„სიმართლე გითხრათ, არ მინდა დისკუსიაში შემოსვლა, უბრალოდ, ვამბობ, რადგან კვლავ მე მომმართეთ. ეს თქვენ ერთხელ უკვე გააკეთეთ, როდესაც გარიყეთ ადამიანები აუდიტორიებიდან და სხვადასხვა ოთახიდან, ამას ჰქვია ფაშიზმი, ეს თქვენ უკვე გააკეთეთ 2012 წლამდე. ახლა რასაც მოუწოდებთ, ქალბატონო სალომე, მაგას ჰქვია ფაშიზმი, 2012 წლამდე ეგ უკვე გაკეთებული გაქვთ. მაგიტომ გეუბნებიან უარს, რომ ეს ერთხელ უკვე გაკეთებული გაქვთ. ადამიანების გარიყვა არის თქვენი ერთადერთი პოლიტიკა, თქვენ სხვა რამ არ შეგიძლიათ. თქვენ თქვენი ცხრა წელი გააღვიძეთ ისევ სამ წუთში, ასე გიპასუხებთ. ადამიანების გარიყვის მოწოდება არის ფაშიზმი და მართლა სირცხვილია. სხვა ქვეყნის იმედად ყოფნა, ადამიანების გარიყვა, რა მიდგომებია საერთოდ, არ ვიცი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროქტების განხილვა მიმდინარეობს.