ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართული კომიტეტების სხდომა შეაფასა, რომელზეც „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე მსჯელობდნენ. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატები პოლარიზაციის ამოცანას იცავდნენ.
„პოლარიზაცია მათთვის არის დავალება და დღესაც პოლარიზაციის მიზნით მოქმედებდნენ სინამდვილეში. მათი მიზანი არ იყო დისკუსიაში შესვლა. დღეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დავინახეთ ნული არგუმენტი. გარედან რომ ყვირი, გასაგებია - ოპონენტი გვერდით არ გიზის და შეგიძლია რაც გინდა, ის იყვირო. მაგრამ როდესაც უკვე სხდომაზე ზიხარ შენს ოპონენტებთან ერთად და საშუალება გაქვს კონკრეტული არგუმენტები დაუპირისპირო ამ ყველაფერს და ამას არ აკეთებ, ეს აჩვენებს იმას, რომ პოლარიზაცია არის მათთვის თვითმიზანი“, - განაცხადა კობახიძემ.