ბრიტანულ კანონში მომწონს ის, ყველა ქვეყანას რომ არ შეეხოს, რომლებიც მათი მეგობრები არიან, კანონში არის სპეციალური მექანიზმი, შინაგან საქმეთა მინისტრს ევალება, შექმნას ქვეყნების რეესტრი, რომლებიც ეწევიან ჰიბრიდულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას დიდი ბრიტანეთის წინაშე, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობდნენ.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში ბრიტანული კანონის მსგავსი მექანიზმი რომ ყოფილიყო, მისაღები იქნებოდა, რადგან არ შეეხებოდა არასამთავრობო სექტორის ძალიან ფართო სპექტრს.
„გნებავთ დიდი ბრიტანეთის კანონი, გნებავთ ეს ამერიკული კანონი, ეს არის წმინდა უსაფრთხოების კონტექსტში, ანუ ამ მიზნით შემუშავებული კანონი. ჩვენ კიდევ აქ რაზეც ვსაუბრობთ, ახლა გვინდა, აქცენტი გადავიტანოთ სხვაგან, გვინდა, ამერიკული კანონის კალკი ავიღოთ. ახლა ინგლისურ კანონში რა მომწონს მე – იქაც არის ასე, ანუ მთავარი მიზანი არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმის გამო, რომ ეს არ შეეხოს ყველა ქვეყანას, რომლებიც მათი მეგობრები არიან და რომლებთანაც პრობლემა არ აქვთ, დიდი ბრიტანეთის კანონში არის სპეციალური მექანიზმი შექმნილი, რომელიც ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს ევალება, შექმნას იმ ქვეყნების რეესტრი, რომელიც იქნება ალბათ საიდუმლო, მე ეს ვერ ვნახე ზუსტად. საიდუმლო, ანუ ის ამბობს – რუსეთი, ჩინეთი და ა.შ., ვინც ეწევა ჰიბრიდულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას დიდი ბრიტანეთის წინაშე; თუ რომელიმე ორგანიზაციაზე მოდის დაფინანსება იმ ქვეყნებიდან, ჩვენ შემხთხვევაში ეს იქნებიდა რუსეთი, გასაგებია. შესაძლებელია, რამე ორი-სამი სხვა ქვეყანაც ყოფილიყო“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან კარგი იდეა იყო, რომ სიაში შესულიყვნენ ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან საქართველოსთვის საფრთხეა ეს ქვეყნები.
„ანუ მათ შეუძლიათ, დააფინანსონ რაღაც ორგანიზაციები, აგენტები მართლა შემოუშვან ჩვენს ქვეყანაში, მართლა ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებდნენ, ხომ?! ანუ ეს რომ ყოფილიყო, ჩემი აზრით, მისაღები იქნებოდა, რადგან გვეცოდინება, რომ ეს კი არ შეეხება სამოქალაქო საზოგადოების იმ უამრავ სპექტრს, რომლებიც უმეტესობა არიან თქვენზე ნაკლები ხელფასის ადამიანები, დამიჯერეთ, რომლებიც გრანტებით არსებობენ. არსებობს დიდი ორგანიზაციებიც, რომელთაც, კი ბატონო, დიდი გრანტები აქვთ. მაგრამ აქ ხომ საუბარია იმაზე, რომ ეს ეხება პრაქტიკულად არასამთავრობო სექტორის მთელ სპექტრს, 30 000-მდე ორგანიზაციას. თქვენ, ამის ზეგავლენა არც შეგისწავლით, ისე გააკეთეთ კანონის ინიცირება. დიდი ბრიტანეთის კანონი ამას გვერდს უვლის. ეს რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ამაზე საუბარი, რომ უსაფრთხოების მიზნით იღებთ. მაგრამ მივიღეთ დიდი ბრიტანეთის კანონი და შესაბამისად, პირველი კანონპროექტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, წარმოჩინდა, როგორც რუსული ან უნგრული კანონი, რომელიც რეალურად იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დასათრგუნად შემუშავებული. ამაზე ნუ ვიდავებთ, რადგან ევროკავშიროს მართლმსაჯულების სასამართლომ ტყუილად არ გამოიტანა განაჩენი, რომელშიც ეწერა, რომ უნდა გაუქმდეს, რადგან ევროკავშირის დამფუძნებელ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. პლუს, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ევროკავშირის დამფუძნებელ შეთანხმებებს თუ რამე კანონები ეწინააღმდეგება და შენ გინდა, ევროკავშირს დაუახლოვდე, გინდაც კანდიდატის სტატუსი მიიღო, იმ წუთში წითელს აანთებს, რომ შენ გაქვს მიღებული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებს“, – აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
გოგოლაშვილის განმარტებით, „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი მეორე ვერსია ამერიკული კანონის კარგი თარგმანია. მისივე თქმით, ინგლისურისგან განსხვავებით, ამერიკულ კანონში არ არის ქვეყნების სია და ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება, განიხილებოდეს უცხო ძალად.
„სხვათა შორის, ამერიკული კანონი თქვენ პირდაპირ კარგად გითარგმნიათ. მე ქართულიც წავიკითხე, თქვენი ნათარგმნი. კეთილსინდისიერი თარგმანია, მაგრამ რა კონტექსტში გამოიყვანეთ ახლა ეს ამერიკული კანონი, თითქოს ეს არის კარგი კანონი და იმავე მიზნებს ემსახურებოდეს. ამერიკული კანონი ძალიან მკაფიოდ აყალიბებს უცხო ქვეყნის აგენტის ცნებას, თუმცა ინგლისურისგან განსხვავებით, იქ არ არის რაღაც სია. ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება, განიხილონ უცხო ძალად. სამაგიეროდ, რა ავიწროებს ამის მოცვის არეალს – ის, რომ, პირდაპირ წერია, ორგანიზაცია, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს, უნდა წარმოადგენდეს უცხო ქვეყნის ძალას. ეს ძალა რა არის, თქვენ ყველამ კარგად იცით. ნიშნავს იმას, რომ ან კერძო პირი შეიძლება, იყოს, ან ასოციაცია, ორგანიზაცია შეიძლება, იყოს და ა.შ., მაგრამ ის პირდაპირ იმას უნდა წარმოადგენდეს, მის ბრძანებებს უნდა ემორჩილებოდეს და მის პოლიტიკას უნდა ატარებდეს, მისი სრული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ანუ ეს შეიძლება, იყოს დადებითი აქტორი. ამერიკული კანონი ასეა, რეესტრში რადგან შეგიყვანეს, უბრალოდ რისკია, რისკებთან გვაქვს საქმე და იმიტომ შეიყვანეს, თორემ აპრიორი არ ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავეები არიან. არა, უბრალოდ გაფართოებული მონიტორინგის ქვეშ უნდა იყვნენ. აი, სააკაშვილი ახსენეთ, ხომ?! „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარეგისტრირა რაღაც ორგანიზაცია, რომელიც ამათი სახელით მოქმედებს ამერიკაში. უცხო ქვეყნის პოლიტიკური ორგანიზაცია არეგისტრირებს საკუთარ თავს, ამერიკელები უკვე ფრთხილად არიან, ამიტომ არეგისტრირებენ და ღია მონიტორინგს უწესებენ, რომ ნახონ, რეალურად რას აკეთებს ეს ორგანიზაცია; რამე ძირგამომთხრელს ხომ არ აკეთებს შეერთებული შტატებისთვის, ან პროპაგანდას ხომ არ ეწევა. „რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“ რატომ შეიყვანეს ამ რეესტრში? რადგან დაამტკიცდა, რომ ესენი ეწევიან ძირგამომთხრელ საქმიანობას ამერიკის ინტერესების მიმართ. ამაშია საქმე. ანუ მოცვა სულ სხვა არის და ამიტომ ამერიკული „ფარას“ შედეგად, შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებულია არაკომერციული ორგანიზაციების მხოლოდ ორი პროცენტი. ამ ორი პროცენტიდან დიდი უმრავლესობა, არიან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობები. რა თქმა უნდა, სააკაშვილის დარეგისტრირებული რაღაცა შევიდოდა იქ, რადგან ის უცხო ქვეყნის პოლიტიკური ორგანიზაციაა“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკული კანონის მიღების შემთხვევაში, ვინც კანონს აღასრულებს, ლეგალური უფლება არ ექნება, არასამთავრობო ორგანიზაციები დაარეგისტრიროს.
„თქვენ თუ ამ კანონს, ამერიკულ კალკს მიიღებთ, შეიძლება, აქაურმა სასამართლომ, ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში სასამართლო სრულად დამოუკიდებელი არ არის, ნუ შემედავებით, ეს ჩემი აზრია. შეიძლება, სასამართლომ არ მოგცეს საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ გაუძალიანდე და პირდაპირ დაგარეგისტრირონ, რომ თქვა, არ ვარ მე უცხო ქვეყნის აგენტი. ჩვენ დარწმუნებით ვერაფერზე ვილაპარაკებთ, ღმერთებიც არ ვართ. აქ მსჯელობაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ თუ გვინდა ამერიკული კანონის მიღება, იცოდეთ, რომ ვინც აღასრულებს ამ კანონს, არანაირი ლეგალური უფლება არ ექნება, არასამთავრობო ორგანიზაციები დაარეგისტრიროს, რისთვისაც აკეთებთ, ან მათი მეტი გამჭირვალობა უზრუნველყოს ამით, რადგან უბრალოდ არ ეკუთვნით მათ. ეს საქმე შეიძლება, სასამართლომ მთავრობის, ან აღმასრულებლის სასარგებლოდ გადაწყვიტოს და ქვეყანაში მაინც დაარეგისტრიროს ტოტალურად მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ ეს საქმე წავა სტრასბურგში, როგორც მოხდა მაგალითად რუსეთის შემთხვევაში“, – აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
გოგოლაშვილის განცხადებით, ინიციატორების მიერ დასახელებულ მიზნებს კანონპროექტის პირველი ვერსია შეასრულებდა.
„მაგრამ კანონი რუსულ-უნგრულია. ახლა თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ. მეორე კანონი ამ მიზნებს არ ემსახურება. ეს ადრე თუ გვიან წავა სტრასბურგში. ევროპის საბჭოს წინაშე გვექმება პრობლემა, არამარტო ევროკავშირის წინაშე. საერთოდ ევროკავშირში მსვლელობა იქნება ძალიან პრობლემური. მინდა, უბრალოდ ხაზი გავუსვა, გასაგებია, მიზანი ძალიან კარგად მესმის. იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც შეუქმნეს ხელისუფლებას, ქვეყანას გარკვეული პრობლემები. ამ კანონით ეს ვერ მოხერხდება. სულ ტყუილად დახარჯული დრო, ენერგია და ნერვებია. პლიუს კიდევ, საზოგადოებაში გამოიწვევთ ძალიან დიდ დაპირისპირებას. ამხელა დაპირისპირება ჩვენს საზოგადოებაში აქამდე არ იყო, როგორც მოხდება ამის შემდეგ, უამრავი დესტაბილიზაციაც. მე ვეთანხმები ყველას, ვისაც ეშინია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ შეფერხდეს. თქვენ, „ქართული ოცნება“ ხართ ამის გარანტი, რადგან ხალხისგან აიღეთ მანდატი, რომ საქართველოს შეიყვანდით ევროკავშირში, პლუს კონსტიტუცია. მაგრამ რადგანაც ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონების მიღება უთხრის ძირს ჩვენს მცდელობას, შევიდეთ ევროკავშირში, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაინც თქვენ დაგეკისრებათ ამის გამო, მაგრამ ყველა ჩვენგანსაც, მთელ საზოგადოებას. რატომ დავრჩი აქამდე და რატომ ვიღებ ხმას? იმიტომ, რომ მერე არ შემრცხვეს, როდესაც ეს გამოიწვევს ძალიან დიდ ცუდ რაღაცებს ქვეყნისთვის, რომ მე ხმა არ ამოვიღე. ახლა ამოვიღე უბრალოდ ხმა და თუ თქვენ, კიდევ ერთხელ ამას გაიტანთ, კარგად არ დაფიქრდებით, რა მიზნები გამოძრავებთ და რა გინდათ, როგორ უნდა მიაღწიოთ ისე, რომ არ აღშფოთდეს მოსახლეობა და არ შეეხოს ისეთ აქტორებს, რომლებიც თქვენი მტრები არასდროს ყოფილან და არც თქვენი ოპონენტები ყოფილან, იმათ რომ არ შეეხოს, აქ ვიტყვით, რომ მართლა სწორად იმოქმედეთ და ღირსი ხართ, დარჩეთ ხელისუფლებაში“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.