მინდა შემოგთავაზოთ, რომ ვიმსჯელოთ დასახელებაზე, მივიღოთ ეს კანონი იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს ამ სექტორში მომუშავე უამრავი კეთილსინდისიერი ადამიანის და ორგანიზაციის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.
„მინდა მივმართო კანონპროექტების ინიციატორებს და ჩემს კოლეგებს. არ მგონია, რომელიმე ჩვენი პარტნიორის ორგანიზაციის, ჩვენი პარტნიორები ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსება ვინმეს დასამალი ჰქონდეს, ამიტომ გამჭვირვალობა ამ კანონის პრობლემა არაა. მინდა დავასახელო, რაზეც არის ძირითადი შფოთვა, ეს არის „უცხოური გავლენის აგენტი“. მინდა შემოგთავაზოთ, რომ ვიმსჯელოთ დასახელებაზე, მივიღოთ ეს კანონი იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს ამ სექტორში მომუშავე უამრავი კეთილსინდისიერი ადამიანის და ორგანიზაციის დისკრედიტაცია. ვისთანაც მქონია კომუნიკაცია, არავის უნდა ჰქონდეს გამჭვირვალობასთან და ანგარიშვალდებულებასთან პრობლემა. ამიტომ გთავაზობთ, რომ დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვისაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის და სერიოზულ შფოთვის საგანს წარმოადგენს, კონსენსუსი იყოს მიღწეული, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტში, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვამდე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რომლებიც სიაში არ იყვნენ. ამ ფაქტს მანდატურის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.