მაკვირვებს თქვენი კონსტრუქციულობის დესტრუქციულობა. კიდევ ერთხელ, არის რეგლამენტი, არის წესები, გაქვთ სურვილი დღეს სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელების. პირობას გაძლევთ, ხვალ ჩავატარებ ბიუროს,’ - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია ,,ლელოს’’ ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს ბიუროს სხდომაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის არჩევის საკითხს პარლამენტი დიდი სერიოზულობით მიუდგა, თუმცა, პროცესმა აჩვენა, რომ კვალიფიცირებული უმრავლესობა პრობლემაა.
პაპუაშვილის თქმით, თუ დღეს პარტია ,,ლელო’’ წარმოადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ხვალ, საკითხთან დაკავშირებით, ჩატარდება ბიუროს სხდომა და მათი კანდიდატიც განხილული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ.
,,ბატონო დავით, თქვენ ბრძანდებოდით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ომბუდსმენის არჩევას რაც შეეხება, 12 -პუნქტიდან ერთ-ერთია ეს საკითხი და გახსოვთ, თუ რამდენად სერიოზულად მიუდგა ყველა ამ საკითხს. ყველა ვცდილობთ, რომ პროცესი ერთის მხრივ იყოს გამჭვირვალე და მეორე მხრივ, შედეგიანი. კვალიფიცირებული უმრავლესობა, რომ ამ ქვეყნის პრობლემაა, რომ მსგავსი ჩანაწერები გვაქვს კანონში, მე მგონი, პრაქტიკამ დაამტკიცა. ჩვენს ვსაუბრობდით, რომ კვალიფიცირებული უმრავლესობა - ეს არის ცუდი სისტემა, ეს დამტკიცდა უკვე, ბევრი გარემოების გამო და მომავალში, ჩვენთვის, როგორც კანონმდებლობისთვის, ეს დიდი გაკვეთილია. შესაბამისად, სწორედ ამიტომ არის სურვილი, რომ თუკი არის ინიციატივა, ეს ინიციატივები იყოს განხილული და დიახ, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც არის და არის ეს საკითხიც, რომ კომიტეტს მიეცეს შესაძლებლობა, რომ მალევე დაიწყოს ამ საკითხზე მსჯელობა. დაასახელებთ დღეს სახალხო დამცველის კანდიდატს? ხვალ ჩავატარებ ბიუროს და თქვენი კანდიდატი ვინც იქნება, მასაც განიხილავს ადამიანის უფლებათა კომიტეტი,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.