„გირჩის“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ „დროებით, ვიდრე ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო გაწვევა არ გაუქმდება, სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს“.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რაქვიაშვილმა განაცხადა, კანონმდებლობით, ტრეფიკინგი მოიცავს ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელებას ძალადობით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ექსპლუატაციის მიზნით.
„მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს მუშაობას აიძულებენ მისი ნების წინააღმდეგ, ეს არის ტრეფიკინგი და კანონით ისჯება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობა აპირებს, იგივე განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით 18-27 წლის ბიჭების მიმართ, რასაც ისინი ეძახიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ანუ, ციხის მუქარით აპირებენ, ადამიანები საკუთარი ნების წინააღმდეგ ამუშაონ 125 ლარად – ზოგი შლაგბაუმზე, ზოგი ვიშკაზე და ა.შ. ჩვენ ვითხოვთ, რომ დროებით, ვიდრე სავალდებულო გაწვევა არ გაუქმდება, ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე. ეს არის სადისტური კანონი, რომელიც პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, თუმცა ამაში ნებსით თუ უნებლიედ ჩვენი სამხედროები ჩაერთვებიან და ფაქტობრივად მათ დავაკისრებთ პოლიციურ ფუნქციებს, რომ სდიონ იმ ადამიანებს, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდათ. ვინც ასეთი ტრეფიკინგის მსხვერპლი იქნება, ჯარში პროფესიონალების გვერდით აღმოჩნდებიან მაშინ, როცა ისინი მხოლოდ იმაზე იფიქრებენ, ჯარიდან როგორ წავიდნენ. ეს დაუშვებელია და ჯარის მიმართ უპატივცემულობაა. ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, პოლიტიკიდან განდევნილი უნდა იყოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
პარლამენტი „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავას, რომელიც სავალდებულო სამხედრო გაწვევას ითვალისწინებს.