როდესაც გამოდის ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული ქვეყნის წარმომადგენელი, ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა იყოს თითოეული სიტყვა დაზღვეული და არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში, ქვეყნის შიგნით განვითარებულ ცრუ ნარატივს, რომ ეს რუსული კანონია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ნედ პრაისის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„როგორ შეიძლება, მათ შორის ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი?! როგორ შეიძლება ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ჰკადრონ საკუთარ ამომრჩეველს ის ამბავი, რომ ამერიკული თარგმანიც რუსულია?! თუ სათაურზე ვერ ვთანხმდებით, მაშინ ვთქვათ, რომ სათაურშია პრობლემა, თუ შინაარსზე ვერ მეკამათებით, ესეც დავადასტუროთ. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს რუსული კანონპროექტია, ის უბრალოდ ცრუობს“, - განაცხადა მდინარაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.