„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
„გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ფრაქციაში მიმდინარეობს მსჯელობა. ორი საკითხი დგას, ერთი - საპარლამენტო ბოიკოტი რომ შევწყვიტოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხზე მივიღოთ მონაწილეობა და მეორე, რომ საპარლამენტო ბოიკოტს მოვრჩეთ და ყველა განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა“,- აღნიშნა წითლიძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს. ამას ადასტურებს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება. ხატია დეკანოიძე მზად არის „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაესწროს.
თუმცა, პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, პარტიის გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით არ გადაიხედება.
ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.