კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მილიონობით ლარს მართავენ, აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივი პროცესების მართვაში, ამიტომ საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე.
„მთავრობამ და სახელისუფლებო სტრუქტურებმა შეძლეს, რომ სხვადასხვა ახალი კანონის წყალობით მართვის, მათ შორის ფინანსური მართვის პროცესი გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე. არცერთი კანონი არ ყოფილა დღემდე შემუშავებული არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობისათვის. არადა, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხა შეიძლება მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემს სამინისტროში. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მილიონობით ლარს მართავენ, აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივი პროცესების მართვაში - რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე. ხუმრობით გეტყვით, რომ ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა - მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ამ ქვეყანაში“, - აცხადებს წულუკიანი.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა. 21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.