მე მოვუწოდებ „ხალხის ძალას“, რომ სრულად თარგმნოს ამერიკული ვერსია, იმიტომ რომ მთავარი რისგანაც ის შედგება, არის ლობიზმის ლეგალიზაცია და ამის საჯაროობის უზრუნველსაყოფად არსებობს ეს კანონი, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენთან ლობიზმი საერთოდ აკრძალულია, თითქმის. მე მოვუწოდებდი ხალხის ძალას, სრულიად შემოიტანოს, ვიდისკუსიოთ და შეიძლება კარგიც იყოს, იმიტომ რომ ლობიზმის აკრძალვას ყველაფერი სჯობია“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა. 21 თებერვალს „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.